მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრა გაიმართა

მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმები და მეთოდები განიხილეს. შეთანხმდნენ წამლის კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც მთავრობასა და პარლამენტს წარედგინება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენენ, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.

რეფერენტული ფასები 2023 წლიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

დაგეგმილი ცვლილებები სამინისტროს წარმომადგენლებმა ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს გასულ კვირას გააცნეს. სამინისტროს ცნობით, სექტორთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.

ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამართლიანი ფასის დაწესებაა.