რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2022 წლის ანგარიში წარადგინა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2022 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წინაშე წარადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

"სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარვუდგინე 2022 წლის ანგარიში. მოვისმინე მათი მოსაზრებები, იმაზე თუ როგორ ესახებათ რუსთავის შემდგომი განვითარება, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქალაქში მიმდინარე რეფორმები და პროექტები რუსთაველებზე უფრო მეტად მორგებული და ეფექტიანი იყოს. ეს პროცესი გაგრძელდება, უახლოეს პერიოდში შევხვდები არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სამოქალაქო ჯგუფებს", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრაზე, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციაც მოეწყო. რუსთავის მერმა 2023 წელს დაგეგმილ პროექტებზე და რეფორმებზეც ისაუბრა.

საბჭოს წევრების განცხადებით, მიმდინარე წელს, რუსთავში უამრავი პროექტი განხორციელდა და მერის მიერ წარდგენილ ანგარიშში, ეს დეტალურად იყო ასახული.

"დიდი მადლობა ქალაქის მერს იმისთვის, რომ ძალიან საინტერესოდ წარმოგვიდგინა თავისი გეგმები, ასევე 2022 წლის ანგარიში, ისაუბრა იმაზე თუ რა გაკეთდა და რა არის კიდევ დაგეგმილი. რუსთავში მართლაც ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და მე ასე ვიტყოდი, რომ ქალაქისთვის კიდევ მეტი შესაბამისი, ლამაზი და საჭირო გეგმებია შესასრულებელი. ბიუჯეტი საამისოდ საკმაოდ იზრდება და მერმა ამ ყველაფრის საქმის კურსში ჩაგვაყენა. საბჭოს წევრებთან მსგავსი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მივიღოთ ინფორმაცია და ჩვენი შეხედულებები გავუზიაროთ მერს", - განაცხადა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრმა ვასილ ძირკველიშვილმა.

რუსთავის მერი 2022 წლის ანგარიშს უახლოეს პერიოდში არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წინაშეც წარადგენს.