აფხაზური მედია საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ 29 წლის გოგოს ნარკოტიკი და ქართული პასპორტი აღმოუჩინეს

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე ა.თ. დააკავეს.

მათივე ცნობით, 29 წლის გოგოს საცხოვრებელ სახლში „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ თანამშრომლებმა „მეფედრონის“ ორი შეკვრა აღმოაჩინეს, რომლის საერთო წონა 10 გრამზე მეტი იყო.

მას ასევე აღმოუჩინეს ქართული პასპორტი და დროშა.

აფხაზური მედია წერს, რომ გოგო, რომელსაც ასევე აქვს „აფხაზეთის მოქალაქეობა“, დააკავეს და გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია გაავრცელა სუს-მა. მათი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე, გალის მცხოვრები ა.თ. უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ცნობით, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს ე.წ. ბრალი ედება ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ფაქტზე.