მშრალ ხიდზე აქცია-პერფომანსი სახელწოდებით - „ჩვენი შრომა 20 ლარი არ ღირს - გაიზარდოს მინიმალური ხელფასი“ გაიმართა

მშრალ ხიდზე აქცია-პერფომანსი სახელწოდებით- „ჩვენი შრომა 20 ლარი არ ღირს - გაიზარდოს მინიმალური ხელფასი“ გაიმართა.

„პროგრესის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ აქციას პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ შეუერთდა.

პერფორმანსის მონაწილეებმა მშრალ ხიდზე პლაკატები გადმოფინეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ აშშ-ში საათში 7 დოლარია მინიმალური ანაზღაურება, გერმანიაში - 12 ევრო საათში, სომხეთში - 167 დოლარი თვეში, აზერბაიჯანში - 176 დოლარი თვეში, ხოლო საქართველოში - 20 ლარი თვეში.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი პარტია „ხალხისთვის“ წევრის, ნინო წულაძის თქმით, საქართველოში, სამწუხაროდ, არც ღირსეული და არც რეალური ანაზღაურება არ არის.

„სამწუხაროდ, 20 ლარია დღეს თვიური მინიმალური ხელფასი საქართველოში. ანუ არც ღირსეული და არც რეალური ანაზღაურება არ გვაქვს. შესაბამისად, საკრებულოს ეგიდით ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციებში განისაზღვროს რეალური მინიმალური ხელფასი და ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები და ღირსეულად შეძლონ განახორციელონ თავიანთი სიცოცხლის უფლება“, - აღნიშნა ნინო წულაძემ.

აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორის, „პროგრეს ცენტრის“ დირექტორის ელენე ელბაქიძის თქმით, მინიმალური ხელფასის პრობლემა დღეს საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას და ეს საკითხია ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი, რის გამოც მოქალაქეები ემიგრაციაში მიდიან.

„მაშინ როდესაც, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება აშშ-ში ან ევროკავშირის ქვეყნებში არის 10 დოლარამდე, 15 ევრომდე, ჩვენს ქვეყანაში 20 წელზე მეტია, რაც თვეში 20 ლარია განსაზღვრული. ასევე, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთში [მინიმალური ხელფასი] თვეში არის 170 დოლარამდე, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს მაქსიმალური ყურადღება მიექცეს, რადგან ეს საკითხი სწორედ არის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი, რის გამოც ხალხი ემიგრაციაში მიდის, რადგან მათ არა აქვთ ძირითადი საარსებო პირობები ამ ქვეყანაში“, - განაცხადა აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორმა ელენე ელბაქიძემ.