საფრანგეთში საზღვაო საწვავის ეკოლოგიურ ნორმას დრონები გააკონტროლებენ

საფრანგეთის ქალაქ მარსელში ბორნებისა და სავაჭრო გემების გამონაბოლქვ აირებში გოგირდის დონის მონიტორინგს დრონები დაიწყებენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

დრონები გემებიდან გამოყოფილ გოგირდს გაზომავენ, რომ საზღვაო საწვავში გოგირდის შემცველობის მარეგულირებელი ნორმა იქნეს დაცული. ამ ნორმის თანახმად, ნავმისადგომზე გოგირდის შემცველობა 0,1%-ზე დაბალი, ხოლო ნაოსნობის დროს 0,5%-ზე ნაკლები უნდა იყოს.

ლატვიაში წარმოებული დრონები კამერებითა და კომპიუტერებით არის აღჭურვილი, რომლებიც დამრღვევების შესახებ სახმელეთო ცენტრს ინფორმაციას ოპერატიულად გადასცემენ.

ევროპის გარემოს სააგენტოს მონაცემებით, ევროკავშირში სატრანსპორტო სითბური გაზების ემისიებში გემების წილი 13,5%-ს შეადგენს, მაშინ, როცა ავიაციის წილი 14%-ია. ამდენად, „ევროპულსის“ შეფასებით, ევროპის ქვეყნები აქტიურად მუშაობენ, რომ წყლის ტრანსპორტი ეკოლოგიურად სუფთა გახდეს. მაგალითად, შვედეთში 2030 წლისთვის მსოფლიოში ორი უდიდესი ელექტრობორანი აშენდება. ისინი მგზავრებს გეტებორგ-ფრედერიკჰავნის მარშრუტზე მოემსახურებიან, რომელიც შვედეთს დანიასთან აკავშირებს. გემებს სპეციალური ენერგომკვებავი მოსახსნელი ბატარეები ექნება, რომლებსაც პორტებში შეცვლიან. ამდენად, ბორნებს საწვავის შესავსებად პორტებში დიდხანს ყოფნა არ მოუწევთ. ბორნების სიგრძე 215 მეტრი იქნება, რაც, დაახლოებით, 70-სართულიანი შენობის სიმაღლეს უტოლდება. ისინი 1200 მგზავრისა და 700 მანქანის გადაყვანას შეძლებენ.

„ევროპულსის“ ცნობით, ევროკავშირის გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2050 წლისთვის ევროპაში სითბური გაზების გამონაბოლქვი საკმარისად უნდა შემცირდეს, რომ ბუნებამ, მაგალითად, ხეებმა ის მთლიანად შთანთქას.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ