იაპონიისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ

იაპონიისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.

ფუმიო კიშიდამ და რიში სუნაკმა აღნიშნულის შესახებ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას Japan Today ავრცელებს.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრისა და ასევე, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის მზარდი სამხედრო აქტივობების ფონზე, ორივე ლიდერი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

როგორც იაპონიის საგარეო უწყებაში განმარტავენ, სუნაკმა და კიშიდამ დაადასტურეს, რომ იაპონია და ბრიტანეთი დააჩქარებენ მოლაპარაკებებს შეთანხმების ადრეული დასასრულისთვის, რომელიც მათ შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობასა და თანამშრომლობას გააძლიერებს.

ამასთან, იაპონიისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ - მინისტრები შეთანხმდნენ, გააღრმაონ ერთობლივად მუშაობა მოიერიშე თვითმფრინავის შესაქმნელად.