"საეჭვო ტენდერების შესწავლა ერთი ან ორი ადამიანის ძალებს აღემატება"

"უნაკლოდ შესრულებულ ტენდერებშიც კი მძიმე დარღვევებია"

საეჭვო ტენდერების შესახებ ქართულ პრესაში არაერთხელ დაწერილა, თუმცა ეს ის თემაა, რომლის ამოწურვაც პრაქტიკულად შეუძლებელია. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილემ, თემურ მაისურაძემ ეს სფერო საგანგებოდ შეისწავლა, თუმცა მხოლოდ 2012-2014 წლებში ჩატარებული ტენდერების გამოკვლევა შეძლო. როგორც ამბობს, შესასწავლია თითქმის ყველა ტენდერი - დაწყებული 2003 წლიდან დღემდე, მაგრამ ამას ერთი შსს დასჭირდება: ”გარიგებები და მაქინაციები მაშინ რომ ხდებოდა, ის უნდა გენახათ - იყვნენ კომპანიები, რომლებიც სისტემატურად იგებდნენ ტენდერებს, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ამაზე ოცნებაც არ შეეძლოთ. ეს არის უზარმაზარი მასალა, რომლის შესწავლაც ერთი ან ორი ადამიანის ძალებს აღემატება", - ამბობს თემურ მაისურაძე. როგორც მან bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ეს სისტემა არც ისე მარტივია, როგორც გვერდიდან ჩანს.

"სპეციალურად შევარჩიე 2012-2014 წლები, რადგან მთლიანად ბოლო წლების შესწავლას ვერავინ შეძლებს. შედეგი ძალიან მძიმე აღმოჩნდა, რადგან თითქმის ყველა რგოლში აღმოჩნდა სერიოზული ხარვეზები. ერთი შეხედვით უნაკლოდ შესრულებულ ტენდერებშიც კი მძიმე დარღვევებია - მიღება-ჩაბარების აქტში თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომელიმე კომისიამ რომ შეამოწმოს და ყურადღებით შეისწავლოს, უამრავ ხარვეზს ნახავს: სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გადავადება, ან დაგვიანება არ აღინიშნება. ნებისმიერი სკოლა ან მუნიციპალური პროექტი, რომელიც განხორციელდა, ელემენტარულ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს. თუ გნებავთ, ნებისმიერ კომისიასთან ერთად შევამოწმოთ და თითქოს უნაკლოდ შესრულებულ ტენდერებშიც კი უამრავ ხარვეზს აღმოაჩენთ. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ სახსრები, რომლებიც გამოყოფილი იყო ამა თუ იმ საქმის გასაკეთებლად, უმრავლეს შემთხვევაში ტყუილად იხარჯებოდა. ეს ეხება ყველაფერს - დაწყებული გზებით, დამთავრებული მუნიციპალური შენობებითა და სკოლებით. ეს ეხება პროექტებს, რომლებიც შესრულებულია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ერთი წლის განმავლობაში და იმის შემდეგაც", - აცხადებს პარლამენტარი.

თემურ მაისურაძის თქმით, უმრავლეს შემთხვევაში ახალი ხელისუფლების მიერ დაწყებული პროექტები ჯერ კიდევ დაუსრულებელია, მათი მოქმედების ვადაც არ ამოწურულა, ამიტომ მათზე წინასწარი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. "ჯერ ვერ ვამბობთ, როგორი იქნება ამ სამუშაოების შესრულების ხარისხი. როდესაც მიდიხარ, ობიექტს ამოწმებ და შენიშვნას აძლევ, ამბობენ ყველაფერს გამოვასწორებთო. მაგრამ როდესაც ეს პროექტები ჩაბარდება, მიმაჩნია, რომ კომისია უფრო მკაცრი უნდა იყოს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერები უფრო მეტად უნდა აგებდნენ პასუხს იმაზე, თუ რას აწერენ ხელს. იყო შემთხვევები, როდესაც უკვე აშენებული ობიექტი დაზიანდა, ჩამოინგრა და ხელახლა გახდა ასაშენებელი. ზოგ შემთხვევაში კი, დამკვეთი იძულებული იყო ხელი მოეწერა ისეთ პროექტზე, რომელიც არც ერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებდა მხოლოდ იმიტომ, რომ სატენდერო ვადები არ დარღვეულიყო. ამის კარგი მაგალითია ჩვენი პარლამენტის შენობა ქუთაისში, რადგან აქ ყველაფერი ძალიან ცუდად არის შესრულებული. წესით, ახალ გარემონტებულ შენობებს 10-15 წელი აღარაფერი უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ ბევრი მათგანი ხელახლა გასარემონტებელია. ამის მაგალითია თბილისში დაგებული გზებიც - ორმოები, ოღრო-ჩოღრო გზის საფარი, არასათანადო სისქის ასფალტი და ა.შ... ძნელია, ყველა ამ ნაკლის ჩამოთვლა, ერთი სიტყვით, ხარვეზები შეიმჩნევა ყველგან და ყველაფერში. ხოლო როდესაც ერთი და იგივე სამუშაო რამდენჯერმეა შესასრულებელი, რეალურად ეს ფულის გადაყრაა და სხვა არაფერი.

როგორც გითხარით, ახალი პროექტების უმრავლესობა ჯერ კიდევ ჩასაბარებელია, ამიტომ, მათ შემსრულებლებს დრო კიდევ აქვთ დარჩენილი, თუმცა, გამორიცხული არ არის, ხარვეზები იქაც იყოს. ამიტომ, კარგი იქნება ყველა სამუშაოს თან ახლდეს არა მარტო მიღება-ჩაბარების აქტი, არამედ შესაბამისი ლაბორატორიის დასკვნაც. ეს პროცესი უკვე დაიწყო, სწორედ ლაბორატორია უნდა ამოწმებდეს შესრულებული სამუშაოს ხარისხს და შესაბამისობას მიღება-ჩაბარების აქტის პირობებთან. სასიამოვნოა, რომ ამ საქმეში სამხარაულის საექსპერტო ბიუროც არის ჩართული", - აცხადებს თემურ მაისურაძე.

პარლამენტარის შეფასებით, ხშირად ეს დარღვევები სისტემური ხასიათისაა, ამიტომ, მათი დიდი ნაწილი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ: "არაერთხელ მოვუწოდე მათ, გამოიკვლიონ რომელ ტენდერში რა დარღვევაა. ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ შესწავლას მოითხოვს. ჩემთვის ძნელია თქმა, რომელი ტენდერი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რომელი - არა, მაგრამ ვიცი, რომ აბსოლუტურად ყველა ტენდერი შესწავლას მოითხოვს. ჩემი აზრით, ტენდერების ჩატარებისა და შესრულების პროცესი მომავალშიც უნდა გავაკონტროლოთ იმიტომ, რომ ბიზნესის ცნობილი კანონი ყველამ ვიცით: მინიმალური დანახარჯებით უნდა მიიღო მაქსიმალური მოგება. რადგან საქმე სახელმწიფო ბიუჯეტთან გვაქვს, ეს სფერო უფრო მკაცრ შემოწმებას საჭიროებს. "ნაციონალური მოძრაობის" დროს ტენდერის პირობების შეცვლა, გადავადება ან დაგვიანება ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. ზოგიერთ კომპანიას 6-7 ტენდერი აქვს მოგებული და აქედან სამი, ან ოთხი გადავადებულია. ხან ერთ სამუშაოს ასრულებდნენ, ხან - მეორეს და ბოლოს ვერც ერთს ვეღარ ასწრებდნენ. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ თავის დროზე ჩაბარებულ ტენდერებშიც უამრავი ხარვეზის აღმოჩენა შეიძლება", - აცხადებს თემურ მაისურაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე