აზერბაიჯანში სამხრეთ კავკასიაში უმსხვილესი ზეითუნის ზეთის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა

აზერბაიჯანულმა კომპანია Absheron Zeytun Baglari-მ კავკასიის რეგიონში უმსხვილესი ზეითუნის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის გადამამუშავებელი ქარხნა გახსნა, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 4 ათას ტონამდე პროდუქციას შეადგენს. ინფორმაციას „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

საწარმოს კონსულტანტ მურატ კიუჩუქჩაკირის თქმით, წელიწადში 4000 ტონა ზეითუნის ზეთის წარმოება იგეგმება, საიდანაც ნახევარი ექსპორტზე გავა, ხოლო დარჩენილი 2 ათას ტონამდე პროდუქცია შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

კიუჩუქჩაკირი, ასევე, აცხადებს, რომ საწარმოს მთავარი მიზანი ერთი ჰექტარიდან 10 ტონა მოსავალის მიღებაა, თუმცა წელს ეს მოცულობა 2,5-3 ტონას შეადგენს. პროექტის განსახორციელებლად საწყის ეტაპზე ზირას ადმინისტრაციაში შემავალ სოფელ გოშაგიშლაგთან სოფლის მეურნეობისთვის უვარგისი 787 ჰექტარი კლდოვანი მიწა გაიწმინდა. ამ ფართობის 697 ჰექტარზე ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან ჩატანილი სხვადასხვა ჯიშის ზეთისხილის ნერგები გაშენდა. კომპლექსს მთლიანად 3 ათასი ჰექტარი უკავია.

„გამწვანების სამუშაოებისა და დიდ ფართობზე ბაღის გაშენების შედეგად ოდესღაც გამოუყენებელი მიწები გამოცოცხლდა. ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ადგილზე სხვადასხვა ჯიშის ზეთისხილი დაირგო,“ - აცხადებს მურატ კიუჩუქჩაკირი.

მისი ცნობით, უახლოეს წლებში ზეთისხილის ნერგების გაშენება სოფელ გიურგანის 1162 ჰექტარ ფართობზეც იგეგმება.

საწარმოს გახსნას აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი დაესწრო, რომელიც წარმოებული ზეითუნის ზეთის ნიმუშებსა და ლაბორატორიების მუშაობას გაეცნო. პრეზიდენტმა, ასევე, სუფრის ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ