დღეიდან სანერგე მასალის რეალიზაცია იწყება

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ წარმოებული სანერგე მასალის რეალიზაცია დღეიდან იწყება.

გაყიდვები დაიწყება 18 მარტს, დილის 11-დან 16 საათამდე და გაგრძელდება ყოველდღიურად, სამუშაო დღეებში, სარეალიზაციო რესურსის ამოწურვამდე სოფელ ვაჩიანში მდებარე მეურნეობის ტერიტორიაზე. ვაზის ნერგების შეძენის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ სანერგე მასალის ასორტიმენტსა და ფასებს და შეიძინონ მათთვის სასურველი ნიმუშები. გაყიდვებს სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.

ბოლო წლების მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ დაინტერესებულ პირებზე ვაზის ნერგების გაცემის წესი და პროცედურა. იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ სანერგე მასალა სარეალიზაციოდ უნდა გამოტანილიყო აუქციონის წესით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ნერგები პირდაპირი გაყიდვების წესით გასხვისდება. გასაყიდად გამოტანილი იქნება ოთხმოცამდე ქართული და ოცამდე უცხოური ჯიშის ვაზის 52 000-მდე ნერგი, რომლებიც მერყეობს 1-დან 2 ლარამდე საფასო სეგმენტში.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ჩამოყალიბდა 2014 წელს სახელმწიფოსთვის გადაცემული იურიდიული პირების - ა(ა)იპ „აგროსა“ და შპს „აგრო ქართუს“ ბაზებზე, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდა მრავალწლოვანი კულტურების ბაზა (80 ჰა) მცხეთის რ-ნში, სოფ. ჯიღაურაში; ქართული ენდემური (437) და უცხოური (350) ვაზის ჯიშების საკოლექციო ნარგაობა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ერთეულები.