რუსეთის ალტერნატივა - სომხეთი ირანიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გააორმაგებს

სომხეთი ირანიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გააორმაგებს და გაზით ვაჭრობის ხელშეკრულებას 2030 წლამდე გახანგრძლივებს.

შეთანხმება ორ ქვეყანას შორის 2006 გაფორმდა, რომელიც გაზისა და ელექტროენერგიის ბარტერს გულისხმობს. კერძოდ, სომხეთი ირანიდან იღებს 1 კუბურ მეტრ გაზს 3 კვტ.სთ ელექტროენერგიის სანაცვლოდ. ამჟამად გაზის იმპორტის ყოველწლიური მოცულობა 365 მილიონი კუბური მეტრია.

იმპორტის გაზრდის შესაძლებლობა სომხეთს ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდილმა მაჩვენებლებმა მისცა - 2021 წელს ქვეყანაში 254 მეგავატის სიმძლავრის ახალი თერმული ელექტროსადგური აშენდა.

მიუხედავად ირანიდან იმპორტის ზრდისა, სომხეთის მთავარი მიმწოდებლად კვლავ რუსეთი რჩება, რომლისგანაც ქვეყანა 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდულობს წლიურად და 165 დოლარს, 2019 წლის შემდეგ 15 დოლარით გაზრდილ ფასს იხდის 1000 კუბურ მეტრზე.

აპრილში სომხეთმა რუსეთისთვის საფასურის რუბლში გადახდა დაიწყო, რომლის კურსიც დოლარზეა მიბმული. გლობალურ ბაზარზე ვაჭრობის შეფერხებას მიწოდებაზე გავლენა არ ჰქონია და 2021-ში ქვეყანამ 414 მილიონი დოლარის იმპორტი განახორციელა.

„რუსული გაზი უფრო იაფია, თუმცა საქმე იმაშია, რომ რუსეთი ამისთვის ფულს ითხოვს, ირანი კი ელექტროენერგიით გადახდაზეა თანახმა“, - ამბობს სომეხი ეკონომისტი, სურენ პარსიანი.

ენერგორესურსებით სომხეთ-ირანის ვაჭრობის გაფართოება მომავალშიც მოსალოდნელია. დღესდღეობით ელექტროენერგია ირანს ორი გადამცემი ქსელით მიეწოდება, თუმცა მესამეს აშენება 2023 წლისთვისაა დაგეგმილი. სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ჰაკობ ვარდანიანის თანახმად, კონსტრუქციის დასრულების შემდეგ ქვეყანა შეძლებს 1.8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს ირანიდან.

ირანიდან იმპორტის გაზრდაზე სომხეთი დიდი ხანია მუშაობს და ახლა ამისთვის გეოპოლიტიკურად ხელსაყრელი დროა.

რუსეთთან ურთიერთობა დაძაბულია - სომხები მოსკოვს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სათანადო დახმარების არმიწოდებაში ადანაშაულებენ, რუსეთი კი ამძაფრებს კრიტიკულ რიტორიკას სომხეთის ახლანდელი ხელისუფლების მიმართ.

ამავდროულად, ქვეყნის კარგი პარტნიორი ხდება ირანი, რომელიც რეგულარულად აფრთხილებს აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიებზე კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით. ოქტომბერში ირანმა ქალაქ კაპანში, ყველაზე დაძაბულ რეგიონში საკონსულოც გახსნა და საკუთარი დროშა აღმართა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტები თეირანში ბილატერალური კავშირების სიკეთეებზეც საუბრობენ - 2022 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 43%-ით გაიზარდა და მხარეებს ვაჭრობის საერთო მაჩვენებლის 3 მილიარდ დოლარამდე გაზრდა სურთ.

ნიკოლ ფაშინიანი ირანის დედაქალაქს რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ეწვია.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ირანელმა პარტნიორებმა იცოდნენ სომხეთ-აზერბაიჯანის, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების კონტექსტი და გადაწყვეტილებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით“, - თქვა ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისას.

თავის მხრივ, იბრაჰიმ რაისმა ხაზი გაუსვა კავკასიის რეგიონში „გარე ძალების“ ანუ დასავლეთის ჩარევის მცდელობებს.

„კავკასია ირანის ისტორიის, ცივილიზაციისა და კულტურის ნაწილია, ამიტომ ეს რეგიონი ჩვენთვის სენსიტიურია. უსაფრთხოება და მშვიდობა კავკასიის რეგიონში ირანისთვის მნიშვნელოვანია. გარე ძალების ჩარევა კი რეგიონული პრობლემებს მხოლოდ გაართულებს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

კახი ჩაკვეტაძე