2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტს მეორედ წარუდგინა

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტს მეორედ წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ფინანსური დოკუმენტი პირველად ვერსიასთან შედარებით არ შეცვლილა. განახლებულია მხოლოდ 2022 წლის დამტკიცებული გეგმის მაჩვენებლები, ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად.

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, 2023 წლის პარამეტრების განახლება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შემდგომი განხილვების, მხარჯავ დაწესებულებებთან კონსულტაციებისა და პარლამენტის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების შესაბამისად, საბოლოოდ შეჯერებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების გათვალისწინებით მოხდება და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, წარმოდგენილი იქნება საბოლოო ვერსიაში, 30 ნოემბრამდე.

2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი ასევე 5%-ს შეადგენს, ხოლო შემდგომ წლებში პროგნოზირებულია 3%-ის ფარგლებში.

ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 79.6 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 500 დოლარს უტოლდება. 2026 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 101.0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 9 500 დოლარს გადააჭარბებს.

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18.5 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 23.2%-ია.

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.8%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 39%-ის ფარგლებშია.

2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 24.3 მლრდ ლარს შეადგენს.