ესპანეთში შინაური ცხოველებისთვის ცოფის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო ხდება

ესპანეთი ძაღლების, კატებისა და ევროპული ქრცვინისთვის ცოფის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციას აწესებს, რის მიზეზადაც უკრაინის ომი და მაროკოში ცოფის ვირუსის გავრცელება სახელდება.

ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინა კვლავ ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ცოფი ცხოველებსა და ადამიანებში მეტად გავრცელებულია. თუმცა ქვეყნისთვის „მთავარ რისკად“ დღემდე ჩრდილოეთ აფრიკა რჩება, რომელიც „უაღრესად ენდემური ტერიტორიაა და იმპორტირებული შემთხვევების ხშირი წყაროა.“

Day.Az უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ესპანეთში 150 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა და ბევრ მათგანს თან შინაური ცხოველი ჰყავდა. ამან ქვეყანაში მდგომარეობა დაამძიმა, რადგან შარშან მაროკოდან ესპანეთის სეუტსა და მელილაში ინფიცირებული ძაღლების დიდი რაოდენობა შევიდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ მელილაში ცოფის დაავადებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდა.

ცოფის საწინაარეგო ვაქცინაციის ხელახალ დანერგვას ვეტერინარული სამსახურები მრავალი წლის განმავლობაში მოითხოვდნენ. ამჟამად ესპანელი ვეტერინარები მიმდინარე რეგულაციის მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ, რომელიც მაროკოსა და ესპანეთს შორის საზღვრის გადაკვეთას ცხოველის აცრის სერტიფიკატის გარეშე კრძალავს.

ესპანეთი შინაური ცხოველების ცოფის წინააღმდეგ ომს ათწლეულების განმავლობაში აწარმოებდა და შედარებით წარმატებას მხოლოდ 1975 წელს მიაღწია, როცა სამეფოში ცოფის გავრცელებით ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 120-ზე მეტ ინფიცირებულ ცხოველს ევთანაზია გაუკეთდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ