გაღატაკებული ხალხისგან ამოღებული მილიონები

ერთ წელიწადში მიკროსაფინანსოებმა 80 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგებამ შარშან 80 მილიონ ლარს მიაღწია. ამ ორგანიზაციების მეშვეობით გაღატაკებული მოსახლეობის რიცხვი კი სულ უფრო იზრდება. სპეციალისტები მთავრობას მოუწოდებენ, სწრაფად შეიმუშაოს კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, რომელიც ამ ველური ბაზრისთვის თამაშის ერთიან წესებს განსაზღვრავს.

საქართველოში სულ 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა და 17 საკრედიტო კავშირია. დამატებით მოქმედებს რამდენიმე ათეული საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც ონლაინ-სესხებს გასცემს. 2014 წლის მე-4 კვარტალის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები 1,107 მილიარდი ლარია და ეს მაჩვენებელი ერთ წელიწადში 300 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა. შარშან მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 80 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო ამ ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობამ 6 მლნ ლარს უწია.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სულ 852 მილიონი ლარი აქვთ გასესხებული. ყველაზე დიდი წილი სამომხმარებლო სესხებზე მოდის - 427 მილიონი ლარი. შემდეგია სოფლის მეურნეობა -187 მილიონი ლარი და ვაჭრობა - 170 მილიონი ლარი.

ბოლო პერიოდში სოკოებივით მომრავლდა ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა საერთოდ უკონტროლოა. საკმარისია საჯარო რეესტრში დარეგისტრირდე იურიდიულ პირად, რომ მაშინვე შეგიძლია წამოიწყო აღნიშნული საქმიანობა. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე, მოგებაზე, ჩამორთმეულ ქონებაზე ერთიანი ინფორმაცია არ არსებობს. ცნობილი არის მხოლოდ ის, რომ ყველა ამ ორგანიზაციის მიერ გაცემულ კრედიტზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 26%-დან 55%-მდე მერყეობს. საკმაოდ მაღალია საჯარიმო თანხა ვადაგადაცილებაზე.

ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები მომხმარებელზე მოკლევადიან მცირე სესხებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გასცემენ, რომლის დამტკიცებასაც 15 წუთიდან 1 საათამდე დრო სჭირდება. სესხის ასაღებად ერთადერთი მოთხოვნა კლიენტის ასაკია. საკრედიტო ორგანიზაციები კლიენტის მინიმალურ ასაკად 21 წელს ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ სესხი ქონებით უზრუნველყოფილი არ არის, გადაუხდელობის შემთხვევაში, მოვალის ქონების დაყადაღება მაინც ხდება.

თბილისელი როზა თიბილოვი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 1000 დოლარის სესხი აიღო. იგი ძალიან მარტივად, ხელფასის დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და ქონების უზრუნველყოფის გარეშე მისცეს. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 26,5%-ს შეადგენდა. ყოველ გადაცილებულ დღეზე 10 დოლარი იყო ჯარიმა. როზა თიბილოვი ამბობს, როგორღაც 7 თვე ახერხებდა სესხის მომსახურებას.

"ჩემდა საუბედუროდ, სახლში წყალგაყვანილობა გამოვცვალე და ფული ამისთვის ვისესხე. 600 ლარამდე მაქვს ხელფასი. ორგანიზაციაში მითხრეს, არანაირი დოკუმენტაცია არ არის საჭირო, მხოლოდ პირადობის მოწმობით დაგიმტკიცებთ სესხსო. წინდაუხედავად მოვიქეცი და კრედიტი ავიღე. 7 თვე პატიოსნად ვიხდიდი პროცენტს, მაგრამ მერე ძალიან გამიჭირდა. შემდეგ ავად გავხდი, ექიმისთვის და მედიკამენტებისთვის ფული დამჭირდა. მოკლედ, პროცენტი ვეღარ გადავიხადე. ამას დაემატა ჯარიმები და ვალდებულება კიდევ უფრო გამეზარდა. ბოლოს კი საერთოდ გადახდისუუნარო აღმოვჩნდი. შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროდან შეტყობინება მომივიდა, რომ ორი კვირის ვადაში სახლს დამიყადაღებდნენ. ან სახლის გაყიდვა უნდა მოვასწრო, რომ ცოტა ფული დამრჩეს. თუ არადა ყველაფერს ვკარგავ. ნაქირავებ ბინაში მომიწევს ცხოვრება", - ამბობს როზა თიბილოვი.

თბილისელი მარი ციმურია ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. იგი ამბობს, რომ მარტივმა პირობებმა აცდუნა და სამომავლო ხარჯი ვერ გათვალა. "მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მომსახურებით ერთხელ ვისარგებლე. თავდაპირველად პირველი სესხის პროცენტთან დაკავშირებულმა პირობამ მიმიზიდა და თანხის აღებას უყოყმანდოდ დავთანხმდი. მეგონა, 300-ლარიანი სესხის გადახდა არ გამიჭრდებოდა, მაგრამ შევცდი. საბოლოოდ ბევრი რთული, ჩემთვის ძნელად შესასრულებელი პირობის დაკმაყოფილება მიწევს და ეს ჩემს ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება. 400-ლარიანი ხელფასის პირობებში 300 ლარის გადახდისთვის (თვეობით რომ ვაკოწიწო ეს თანხა) სულ ცოტა ნახევარ წელი დამჭირდება. ამ ხნის განმავლობაში დარიცხული პროცენტით აღებული სესხის მოცულობა გასამმაგდება კიდეც. დილემის წინ აღმოვჩნდი. სესხის დაფარვის შესაძლებლობა არ მაქვს, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ თანხის დასაბრუნებლად ყველაფერზე წავა. შეიძლება საქმე უძრავი ქონების დაყადაღებამდეც მივიდეს. საკუთარი უფლებების შესახებ მეტი რომ მცოდნოდა, პრობლემას აქამდე არ მივიყვანდი, გამოუვალ სიტუაციაში ვარ", - ამბობს მარი ცირამუა.

საბანკო სფეროს ექსპერტის ლია ელიავას განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ახლად გამოჩეკილი საფინანსო ორგანიზაციები დაემატა, რომლებიც მოსახლეობას აღატაკებენ და ქვეყანაში სოციალურ გარემოს კიდევ უფრო ამძიმებენ. ესენი არიან მევახშეები, ე.წ. კერძო იპოთეკარები, რომლებმაც შეიცვალეს სტატუსი და იურიდიული პირები გახდნენ. მათი საქმიანობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის იმ ცვლილებებით, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინათ შეიმუშავა.

"ამ ორგანიზაციების საქმიანობა, პრაქტიკულად, უკონტროლოა. აქ ზედმეტია საუბარი, რომ ვინმეს უფლებები ან საქმიანობის წესები უნდა იყოს დაცული. ბაზარი აბსოლუტურად არარეგულირებადია. ისევეა როგორც ლომბარდები. თქვენ წარმოიდგინეთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობაც კი არ რეგულირდება. ეროვნული ბანკი ამ ორგანიზაციებს მხოლოდ ლიცენზიას აძლევს და მოითხოვს ანგარიშგებას. ეს არის ველური ბიზნესი, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და არავინ არის ამ უფლებების დამცველი. საბოლოო ჯამში მიმდინარეობს მოსახლეობის გაღატაკება, რაც გადადის სოციალურ მღელვარებაში", - ამბობს ექსპერტი.

სპეციალისტის აზრით, საფინანსო ორგანიზაციების რეგულირება უნდა დაევალოს ეროვნულ ბანკს ან შეიქმნას სპეციალური კანონმდებლობა."ხელისუფლება ყურს არ იბერტყავს, რომ აუცილებელია კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, რომელიც ფინანსური ბაზრის ყველა მონაწილეზე გავრცელდება. ამ კანონში ზუსტად უნდა გაიწეროს, თუ როგორ შეიძლება სესხის გაცემა, რა პასუხისმგებლობა აკისრია კრედიტორსა და მსესხებელს. როდესაც ბაზარი არ არის დარეგულირებული, ყოველთვის თავს იჩენს სპეკულაცია და მევახშეობა. ეს კი სოციალური კუთხით ძალიან სახიფათოა", - ამბობს ლია ელიავა.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"