ბრიტანეთი რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას აკრძალავს, თუ ის price cap ფასზე ძვირად გაიყიდება

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოამზადა ეკონომიკური კანონპროექტი, რომელიც 5 დეკემბრიდან კრძალავს სატრანსპორტო მომსახურების გაწევას რუსულ ნავთობზე, თუ ის გაყიდული იქნება საფასო ჭერზე უფრო მაღალ ფასად - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ავრცელებს.

„ახალი კანონპროექტი, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ, ხელს შეუშლის ქვეყნებს გამოიყენონ ბრიტანული მომსახურება რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, თუ ის არ იქნა შეძენილი საფასო ჭერის კოალიციის (Price Cap Coalition) მიერ დადგენილ ფასად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავრობაში მოელიან, რომ რუსული ნედლი ნავთობის მიმართ შემოღებული საფასო ჭერის პოლიტიკა 5 დეკემბრიდან ამოქმედდება, ხოლო გადამუშავებული ნავთობის მიმართ - 2023 წლის 5 თებერვლიდან.

შეგახსენებთ, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა და ავსტრალიამ მიიღეს გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დადგენის შესახებ, რომელიც გამიზნულია რუსეთისთვის შემოსავლების შემცირებაზე.

კოკა კვირკველია