კიევი-კიშინიოვის სარკინიგზო მიმოსვლა 24 წლის შემდეგ აღდგა

უკრაინამ და მოლდოვამ, 24-წლიანი შესვენების შემდეგ, კიევი-კიშინიოვის მარშრუტზე სამგზავრო მატარებლების მოძრაობა განაახლეს. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

მატარებელი No351/352 ყოველ მეორე დღეს იმოძრავებს და კიევის სამგზავრო სადგურიდან ადგილბრივი დროით 17:02 საათზე გავა, ხოლო მოლდოვის დედაქალაქში 10:38 საათზე ჩავა. მოლდოვიდან 17:45 საათზე დაბრუნდება, რის შემდეგაც კიევში მეორე დღეს, 11:48 საათზე იქნება.

მატარებელს აქვს შვიდი ვაგონი, რომელთაგან ხუთი კუპეა, ორი კი ე.წ. პლაცკარტი. ერთი მიმართულებით მგზავრობის დრო, დაახლოებით, 13 საათია.

მარშრუტი საერთაშორისო რეისის ნაწილიც იქნება, რომლითაც მოლდოვის უნღენის სადგურიდან რუმინეთის იასის სადგურამდე ტრანსფერით საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა არის შესაძლებელი.

აღდგენილ მარშრუტზე სარკინიგზო შემადგენოლობა სახელწოდებით, „გამარჯვების მატარებელი“ კურსირებს, რომლის შვიდი ვაგონიდან თითოეული უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ეძღვნება. მანამდე „გამარჯვების მატარებელი" უკრაინის რეგიონებში, უჟგოროდიდან ხარკოვამდე და კიევიდან ოდესამდე მოძრაობდა. ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სპეციალური ბრიფინგის ადგილიც გახდა.

უკრაინისა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის აღსანიშნავად კიშინიოვის რკინიგზის სადგურზე საზეიმო ცერემონია გაიმართა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ