რამდენიც საჭირო იქნება, იმდენს გამოვყოფთ სარეზერვო ფონდიდან - ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი მანდარინის სუბსიდირებაზე

წელს ბიუჯეტი ციტრუსის არასტანდარტულ ნაყოფს 10-ის ნაცვლად 15 თეთრით დაასუბსიდირებს, რაოდენობა კი შეზღუდული არ იქნება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ირაკლი ონიანის თქმით, სავარაუდოდ, არასტანდარტული ნაყოფი მთლიანი მოსავლის 15-20% იქნება.

„გასულ წლებში აჭარაში ოპერირებდა ორი გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ამუშავებს არასტანდარტულ ციტრუსის ნაყოფს. ამ ეტაპზე ერთთან დაკონტრაქტება ბოლო ეტაპზეა, მეორეს კი ტექნიკური პრობლემები აქვს და არ ვიცით შეძლებენ, თუ ვერა დროულად მოგვარებას.

რაც შეეხება სუბსიდირების ნაწილს, იანვრიდან სუბსიდირების ნაწილი გაზრდილია და 10 თეთრის ნაცვლად, წარმოების 15 თეთრი სუბსიდირდება. შესაბამისად, წარმოება მინიმუმ 20 თეთრს გადაუხდის ფერმერს, რომელიც არასტანდარტულ მანდარინს ჩააბარებს. რა დაუჯდება ჯამურად ბიუჯეტს სუბსიდირება, დამოკიდებულია შემოსულ ნაყოფზე, ჩვენ არასტანდარტულ ნაყოფს, მთლიანი მოსავლის 15-20%-ს ველოდებით. ჩვენ მზად ვართ, რამდენიც იქნება საჭირო, იმდენი გამოვყოთ სარეზერვო ფონდებიდან არასტანდარტული ნაყოფის სუბსიდირებისთვის, რათა ჩაბარებას არ შეექმნას პრობლემა“, - განუცხადა ონიანმა ,,ბიზნესპრესნიუსს“.

ინფორმაციისთვის, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 15 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება, 5 თეთრს კი საწარმო გადაიხდის, შესაბამისად, ფასი 20 თეთრი იქნება.

თამარ მუკბანიანი