"თელასი" ამორტიზირებული ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს

"თელასი" ამორტიზირებული ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს, სადაც ძირითადი ადგილი მაღალი ძაბვის საკაბელო ხაზების შეცვლის პროექტებს უკავიათ.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაზრდა, რადგან ქსელში წარმოქმნილი ავარიების (გათიშვების) ძირითად მიზეზს სწორედ საკაბელო ხაზების ამორტიზება წარმოადგენს. მათივე ცნობით, ამორტიზირებული ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება საკმაოდ შრომატევადი და გრძელვადიანი პროცესია. იმისათვის, რომ ზემოხსენებული პროექტის განხორციელების დროს აბონენტების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, კომპანიამ დაიწყო სარეზერვო კვების გარეშე დარჩენილი სატრანსფორმატორო ქვესადგურების დამატებითი კაბელებით აღჭურვა. შესაბამისად, ელექტრომომარაგების ძირითადი ხაზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დროს აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლებელი გახდება სარეზერვო ხაზით.

როგორც "თელასში" აცხადებენ, საკაბელო ხაზების აღდგენისა და რეზერვირების პროექტების რეალიზაცია ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია კერძო ან საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ე.წ. წითელი ხაზები) ჩასატარებელ გათხრით სამუშაოებთან. უმეტეს შემთხვევაში, მოსახლეობის მხრიდან მსგავს მოქმედებებს წინააღმდეგობა მოჰყვება. "უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ამორტიზირებული კაბელების შეცვლა, ასევე სარეზერვო კაბელების ჩადება მოსახლეობის ხარისხიანი და უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას ემსახურება. კომპანია ამ მიზნით დებს საკმაოდ დიდ ინვესტიციებს, რომელიც გარკვეული ვადებით და პირობებითაა შეზღუდული. თითოეული მსგავსი პროექტის შეფერხება რისკის ქვეშ აყენებს მისი განხორციელების შესაძლებლობას. სს "თელასი" წინასწარ უხდის ბოდიშს აბონენტებს ამ პროექტების განხორციელების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის და იმედოვნებს, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდება კომპანიის მიერ დაგეგმილ სამუშაოებს", - აცხადებენ კომპანიაში.