1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში 5 289 დამსაქმებელი დარეგისტრირდა

2022 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში 5 289 დამსაქმებელი დარეგისტრირდა და გაწევრიანებულ იქნა 56 357 დასაქმებული.

შედეგად, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 1 292 246 შეადგინა. ამავე პერიოდში საპენსიო სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობაა 88 090.

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ სააგენტოს 2022 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

მისი ინფორმაციით, საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის საერთო ოდენობამ 2 მილიარდ 170 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. საპენსიო სქემიდან კანონის შესაბამისად გასვლის, არასწორად გაწევრიანებული დასაქმებულის მიერ საპენსიო სქემის დატოვების, პენსიის დანიშვნის, საპენსიო აქტივების გაცემის და მაკორექტირებელი დეკლარაციის საფუძველზე ფონდიდან 69,346,283.75 ლარია გატანილი.

“კანონის თანახმად, საპენსიო აქტივების ინვესტირება კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. შესაბამისად, 2022 წლის პირველ ნახევარში ინვესტირება ხორციელდებოდა ნაკლებად რისკიანი პორტფელით კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. წლის ბოლომდე ვფიქრობთ, შემოდინებების, კონტრიბუციების და გაცემების ტენდენცია შენარჩუნდება. 2023 წელი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წელია საპენსიო სააგენტოსთვის და ზოგადად ამ რეფორმისთვის, ვინაიდან 2023 წლის აგვისტოდან ჩვენი სქემის მონაწილეებს შეეძლებათ თვითონ აირჩიონ რომელი ტიპის, რა რისკიანობის პორტფელში უნდათ თავიანთი თანხების განთავსება. 2023 წლიდან სააგენტოს ექნება ასევე საშუალო რისკიანი და მაღალ რისკიანი პორტფელები, რომლებიც განსხვავდება, ერთი მხრივ, რისკიანობის მხრივ და, მეორე მხრივ, პოტენციური ამონაგებით და ყველას ექნება არჩევანის უფლება“, - განაცხადა გიორგი დანელიამ.

პარლამენტის კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა.