"თუნდაც ეს არჩევანი განაპირობებდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას" - IRI-ის გამოკითხულთა 85% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ საზოგადოებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულები უკმაყოფილებას გამოხატავენ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო და პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობას აცხადებენ.

გამოკითხულთა 85% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მათ შორის, 60% ის მხარდაჭერა უცვლელია თუნდაც ეს არჩევანი განაპირობებდეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას.

„საქართველოს მოქალაქეებში მოთხოვნა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი კვლავ მაღალია. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს მოქალაქეების მრავალწლიანი, ურყევი სურვილი, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ ოჯახს, რასაც ჩვენი ბოლო კვლევაც ადასტურებს“, - განაცხადა სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა.

კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ.

„ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან სამხედრო მობილიზაციას გამოქცეული რუსების მასიურად შემოდინებას ქვეყანაში, საჭიროა რომ საქართველოს მთავრობამ მხედველობაში მიიღოს და გაითვალისწინოს აღნიშნული განწყობა საზოგადოებაში“ , განაცხადა სტივენ ნიქსმა.

კვლევის მიხედვით, ნდობა პოლიტიკური ლიდერების მიმართ დაბალია. ასევე, გამოკითხულთა მხოლოდ 15%-მა განაცხადა რომ ენდობა პოლიტიკური პარტიებს, ხოლო 42% აცხადებს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ამასთან ერთად, საზოგადოების სურვილი რომ იხილოს მეტი ახალგაზრდა პოლიტიკაში მზარდია და 79%-ს შეადგენს.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.