შეღავათი სესხის გამცემ სუბიექტებს - 10 000-ლარიანი სარეგისტრაციო მოსაკრებელი ნახევარი წლით უქმდება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, სესხის გამცემი იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც დღეს ფუნქციონირებენ როგორც ინდმეწარმე და გადაკეთდებიან იურიდიულ პირად სარეგისტრაციო მოსაკრებელი ნახევარი წლით გაუქმდება.

„ამ ცვლილების მიზანია რეგულაციების ცვლილება ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს ჰქონდეს იურიდიული ფორმა. ანუ, ინდმეწარმე ვეღარ დარეგისტრირდეს სესხის გამცემ სუბიექტად. თუმცა ჩავთვალეთ, რომ არასამართლიანი იქნება, როდესაც ინდმეწარმეს ერთხელ გადახდილი აქვს სარეგისტრაციო მოსაკრებელი, მას იურიდიულ პირად გადაკეთების შემთხვევაში ხელახლა მოუწიოს ამ გადასახადის გადახდა“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

პაპუნა ლეჟავამ კომიტეტს კიდევ ერთი პროექტი წარუდგინა - „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტი საფინანსო სექტორში საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნეს მოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.

კომიტეტში განხილვისას გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი პირი, რომელიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს, ვალდებულია, ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს. სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 10 000 ლარია.

თაია არდოტელი