ვინ  ”თამაშობს” თხილის ფასით?

"თხილის ბიზნესის მონოპოლია ხდება"

ბოლო რამდენიმე დღეა, მოულოდნელად დაკლებული თხილის ფასი მცირე მეწარმეების თავსატეხი გახდა. როგორც მეწარმეები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, თხილის ფასი 4 ლარით გაიაფდა, რამაც მცირე მეწარმეები ზარალის საფრთხის წინაშე დააყენა. მცირე მეწარმე კობა ფაჟავა აცხადებს, რომ ბოლო ორი დღეა ყველაფერი თავდაყირა დადგა. ზუსტად ორი დღის წინ, 1 კგ თხილის ფასი 11 ლარი იყო, 17 მარტის მონაცემებით კი 10 ლარამდე ჩამოვიდა. მომდევნო ორ დღეში კი როგორც ამბობენ, ფასს "დაარეგულირებენ" და 7 ლარამდე ჩამოვა. მისივე თქმით, 15 მარტს მთელი დღის განმავლობაში 1 კგ. თხილის ფასი 12 ლარს აღემატებოდა. ფასის ცვლილება რეალურია, მაგრამ აქტიურად საუბრობენ, რომ ამ ბიზნესის მონოპილია ხდება, ანუ საქმეში ჩაერთნენ ადამიანები, რომელთა უკანაც დიდი ფული და გავლენიანი პიროვნებები დგანან.

- თუ ბაზარი თავისუფალია, ფასს თავად ბაზარი უნდა არეგულირებდეს, როგორც აქამდე იყო და არა - კონკრეტული პიროვნებები. ორ დღეში თხილის 4 ლარით გაიაფება კითხვებს აჩენს, მით უფრო მაშინ, როდესაც ვიღაც გასცემს ბრძანებას, რომ თხილის შესყიდვა შეჩერდეს. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში ძალიან შეიცვალა სიტუაცია და შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელს დაემსგავსა. წლებია ამ საქმეში ვარ და ასევე წლებია არც ბიზნესმენებისგან და არც ქარხნებისგან არ გამიგია, დღეს თხილს არ ვიბარებთო. ამ ყველაფერს კარგი პირი არ უჩანს.

- შემსყიდველები ადგილობრივები არიან?

- დიახ, თურქებს არ უშვებენ, რადგან ისინი უფრო მეტ ფასს იხდიან. თურქები რომ არ ყოფილიყვნენ, გასულ წელს თხილი ფასი ასეთი მაღალი არ იქნებოდა. თურქეთში არსებულმა მოსავლის დეფიციტმა გაზარდა მოთხოვნა. რაც შეეხება დანარჩენ შემსყიდველებს, თუნდაც გერმანელებს, არც ისინი ჩანან ისე აქტიურად. დანარჩენი მუდმივი კლიენტები კი, რომელთაც თხილი ევროპის სხვა ქვეყნებში გაჰქონდათ, გვეუბნებიან, რომ ლიმიტი დაგვიწესესო. რაც ტყუილია, რადგან ორ დღეში ასეთი რამ არ ხდება.

ზარალზე საუბრობს კიდევ ერთი მცირე მეწარმე თემურ დარასელია, რომლის თქმითაც, თხილის ბიზნესზე ინტერესები კონკრეტულ პიროვნებებს გაუჩნდათ. "თავიდან, თხილის ფასის თამაში დოლარის კურსს მივაბით, მაგრამ შემდეგ მალევე გაირკვა, რომ ამ ბიზნესის მიმართ ინტერესი კონკრეტულ პიროვნებებს გაუჩნდათ. მეც და უამრავ ჩემნაირსაც 1 კგ თხილში 11 ლარამდე გვაქვს გადახდილი. უკვე დავზარალდი, რადგან ამ ხნის განმავლობაში პროდუქტი ბრუნვაში არ გამიშვია, რადგან ფასის აწევას ველოდები. თუ რამდენიმე დღეში თხილის ფასი 7 ლარი გახდება, ფაქტობრივად, გავკოტრდები და ჩემს დღეში რამდენიმე ასეული ადამიანია. არადა, არიან ბიზნესმენები, რომელთაც ტონობით თხილი იყიდეს და დაალაგეს, რადგან იყო საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მაისში 15 ლარამდე აიწეოდა. თავისუფალი ბაზრის პირობებში ასეც მოხდებოდა", - აცხადებს თემურ დარასელია.

ლალი პაპასკირი