ანდრია ურუშაძე - ვიდრე ექთანს რიგით ჩინოვნიკთან შედარებით ნაკლები ხელფასი ექნება, გამოსავალი არ არის

ექიმების და ექთნების პროპორცია რომ ავიღოთ, საქართველო ალბათ, ყველაზე უარეს მდგომარეობაშია სხვა ქვეყნებთან შედარებით - სანამ ექთანს იმაზე ნაკლები ხელფასი ექნება, ვიდრე ნებისმიერ რიგით ჩინოვნიკს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში და ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, გამოსავალი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა, ანდრია ურუშაძემ ქვეყანაში ექთნების დეფიციტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ექთნების დეფიციტი ისტორიულად არსებობს და ის პრობლემები, რამაც თავის დროზე ექთნების დეფიციტი განაპირობა, არ გამოსწორებულა.

ურუშაძის თქმით, ექთანი ნებისმიერი სამედიცინო სისტემის საფუძველია და აუცილებელია, რომ ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყოს.

„ექთნების დეფიციტი ჩვენთან ისტორიულად არის. დეფიციტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის პირველ წლებში არსებობდა და 90-იან წლებში უფრო დამძიმდა, იმიტომ რომ მაშინ ფაქტობრივად, დაფინანსების მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ბევრმა ექთანმა უბრალოდ, სამსახურს თავი დაანება და იძულებული გახდა სხვა საქმიანობა დაეწყო, რომ თავი გადაერჩინა და ოჯახისთვის მიეხედა. ამის შემდეგ, საბოლოო ჯამში, მიუხედავად ბევრი სურვილისა და იდეისა, ის პრობლემები, რამაც თავის დროზე ექიმების დეფიციტი განაპირობა, არ გამოსწორებულა. პირველ რიგში, ეს არის ღირსეული, შრომის ადეკვატური ანაზღაურება. მეორე - ეს არის თვითონ სოციალური პრესტიჟი და მესამე - საექთნო განათლების პრობლემა. დღემდე ვერ მოხერხდა ის, რომ ექიმის პროფესიის მსგავსად, ექთნის პროფესია იყოს რეგულირებადი, იყოს სერთიფიცირებული, მათ ჰქონდეთ თავისი პასუხისმგებლობები, ვალდებულებები და უფლებები პაციენტის ავადმყოფის მართვის პროცესში. ეს არის ერთ-ერთ მიზეზი, რომ ადამიანებს აღარ უნდათ ექთნობა და შესაბამისად, ვერ მოდის ახალი თაობა, არ ხდება შევსება და ყველა გაურბის სამსახურს, რომელიც არაპრესტიჟულია, დაბალანაზღაურებადია და მათი თვალსაზრისით, უპერსპექტივოა,“ - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

მისივე თქმით, ექთნების დეფიციტის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში პირველ რიგში, პაციენტი დაზარალდება, რადგან ის შესაბამის მკურნალობას ვერ მიიღებს.

„ექიმების და ექთნების პროპორცია რომ ავიღოთ, საქართველო ალბათ, ყველაზე უარეს მდგომარეობაშია სხვა ქვეყნებთან შედარებით. პირველ რიგში, ეს აისახება პაციენტის მომსახურების ხარისხზე, მომსახურების დონეზე და თვითონ მკურნალობის გამოსავალზე, იმიტომ რომ წესით, პაციენტი თავისი დროის 80%-ს ექთანთან უნდა ატარებდეს. ექთანი როგორც პირველად, ისე მეორად დონეზე უნდა უზრუნველყოფდეს ამ პაციენტზე ორიენტირებულ და ხარისხიან მომსახურებას, ამიტომ თუ ასე გავაგრძელეთ, პირველ რიგში, დაზარალდება პაციენტი, იმით, რომ მისი ჯანმრთელობა და მისი გამოჯანმრთელება სამწუხაროდ, ვერ მოხდება იმ ვადაში და იმ ფორმით, როგორიც ყველას გვინდა,“ - აღნიშნა ჯანდაცვის სპეციალისტმა.

კითხვაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს ურუშაძე პასუხობს, რომ „ვიდრე ექთანს იმაზე ნაკლები ხელფასი ექნება, ვიდრე ნებისმიერ რიგით ჩინოვნიკს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში და ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, გამოსავალი არ არის“.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისეთი პროფესიები, როგორიც არის ექთანი, ექიმი, მასწავლებელი, სამხედრო, უნდა იყოს პრიორიტეტული და კარგად ანაზღაურებადი და არა დეპუტატი, ჩინოვნიკი და რომელიღაც სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის თანაშემწე. მთავარია, რომ ეს პრიორიტეტები სწორად იყოს გადანაწილებული,“ - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.