აქტაუ-ბაქო-თბილისი - ყაზახეთი აქტიურ მოლაპარაკებებზე გადავიდა

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო, „ყაზმუნაიგაზთან“ ერთად, ავითარებს ნავთობის ტრანსპორტირების ალტერნატიულ მარშრუტებს, როგორიც არის აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ასევე, აქტაუ-ბაქო-სუფსა და აქტაუ-ბაქო-ბათუმი. ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქს-ყაზახეთი“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ამ ალტერნატიული მარშრუტების განვითარება დამოკიდებულია მათ პოტენციალზე, ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე და სხვა, მათ შორის ტექნიკურ ფაქტორებზე.“ ამასთან, სამინისიტრო აცხადებს, რომ ალტერნატიულ მარშრუტებს ყაზახეთში ნავთობის მოპოვების ზრდა ითვალისწინებს.

ოქტომბრის ბოლოს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ელნურ სოლტანოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ყაზახეთიდან ნავთობის გარანტირებულ მოცულობებს ბაქო-სუფსის ნავთობსადენით გადასაქაჩად მოელის.

თავის მხრივ, „ყაზმუნაიგაზის“ ეკონომიკისა და ფინანსური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დაურენ კარაბაევმა ზაფხულში განაცხადა, რომ ყაზახეთი მოლაპარაკებებს ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენებით ტრანსპორტირებისთვის აწარმოებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ