ბრიტანეთი უსახსრობის გამო მწვანე წყალბადის პროგრამის რეალიზებას ვერ ახერხებს

დიდი ბრიტანეთის გეგმები მწვანე წყალბადის წარმოების ზრდასთან დაკავშირებით სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის გამო ვერ განხორციელდება - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

მიმდინარე წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ 240 მლნ გირვანქა სტერლინგი გამოყო, თუმცა ეს სახსრები ექსპერტების აზრით არ არის საკმარისი ამ ეკოლოგიურად სუფთა დარგის განვითარებისთვის. გაერთიანებული სამეფო რისკავს მწვანე წყალბადის დარგის განვითარებაში სხვა ქვეყნებთან დამარცხდეს.

სუფთა წყალბადის წარმოებით დაკავებული ადგილობრივი უმსხვილესი კომპანია ITM Power უარს ამბობს ელექტროლიზერების წარმოებისთვის საჭირო მეორე ქარხნის მშენებლობაზე. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია სახსრების უკმარისობასთან. „ჩვენი ევროპელი კონკურენტები ბევრად მეტ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფოსგან, ვიდრე ჩვენ. ბრიტანეთში არ იღწვიან ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის“, - განაცხადა მან.

ბოლო წლებში ცალკეული ქვეყნები წყალბადს განიხილავენ, როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს 2050 წლისთვის ნახშირორჟანგოვანი ნეიტრალობის მისაღწევად, ასევე ენერგომომარაგების დივერსიფიცირებისა და რუსულ გაზზე უარის თქმის საქმეში.

კოკა კვირკველია