პორტუგალიაში ოთხდღიან სამუშაო კვირას ტესტავენ

პორტუგალიაში საპილოტე პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ადგილობრივი კომპანია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის, ხოლო თანამშრომლების ხელფასი იგივე რჩება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

მთავრობის განცხადებით, ოთხდღიანი სამუშაო კვირა თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, უფრო მოქნილი განრიგი ჰქონდეთ, რაც, თავის მხრივ, სატრანსპორტო სისტემას განტვირთავს. ამასთან, თანამშრომლებს მეტი დრო ექნებათ ოჯახთან გასატარებლად, ასევე, ჰობისთვის ან საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.

პროექტში ჯერ მხოლოდ რამდენიმე კერძო კომპანია მიიღებს მონაწილეობას. თუმცა სამომავლოდ ახალი სამუშაო გრაფიკის დანერგვა სახელმწიფო დაწესებულებებშიც იგეგმება. პროექტი 2023 წლის ზაფხულში დაიწყება და, დაახლოებით, ექვს თვეს გაგრძელდება.

„ევროპულსის“ ცნობით, პორტუგალიაში აქტიურად მუშაობენ, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნებაში დაეხმარონ. მაგალითად, გასულ წელს დამსაქმებლებს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ თანამშრომლებთან დაკავშირება აეკრძალათ. ეს კანონი სახლიდან მომუშავე პორტუგალიელების რაოდენობის ზრდის საპასუხოდ მიიღეს. ამასთან, კომპანიები დაავალდებულეს, დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებისთვის ელექტროენერგიის გადასახადიც გადაეხადათ, რადგან ისინი ოჯახის ელექტროენერგიას სამუშაოსთვის მოიხმარდნენ. კომპანიებს, ასევე, მოეთხოვათ, პანდემიის გამო ევროპაში გაორმაგებული მარტოხელა თანამშრომლებისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინათ და მათ ორ თვეში ერთხელ მაინც შეხვედროდნენ პირისპირ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ