„სარფსა“ და „წითელ ხიდზე“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, სამართალდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონა - 278,6 გრამი) და ვერცხლის (წონა 2124,04 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 27 833,03 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეებს ე.მ.-სა და კ.მ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 9 358,23 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო სამართალდამრღვევი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ტ.კ.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.