მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მერაბ ქვარაია ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მერაბ ქვარაია ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაციის წევრები საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროექტის „რძის პროდუქტების მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომა (DIMMA) ფარგლებში იმყოფებოდნენ.

მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანი საძოვრების მართვის მიმართულებით ყირგიზეთში გატარებული რეფორმის გამოცდილების საქართველოს მხარისთვის გაზიარება იყო.

„აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთში, IFAD-ის მხარდაჭერით, საძოვრების მართვის გაუმჯობესების და მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სამი პროექტი განხორციელდა.

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საძოვრების მართვის რეფორმაზე, მის დადებით მხარეებსა და არსებულ გამოწვევებზე, სატარიფო პოლიტიკაზე, დაბეგვრის და საძოვრების განაწილების თავისებურებებზე ისაუბრეს.

ყირგიზეთის დელეგაციაში შედიოდნენ რესპუბლიკის პარლამენტის აგრარული კომიტეტის, ფინანსთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რამდენიმე რეგიონის საძოვრების კომიტეტის ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრას სააგენტოს მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა ჭიპაშვილი და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ზაქაიძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.