ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში - „ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში" მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში - “ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში” მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრემიერმა დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მდგრადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მნიშვნელოვანია, ალტერნატიულ - სუფთა, ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგიის წყაროებში მეტი ინვესტიცია ჩაიდოს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გლობალური ენერგეტიკული მოთხოვნა იზრდება და მიმდინარე ენერგეტიკულმა კრიზისმა ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაციისა და სუფთა და მდგრადი ენერგეტიკის სფეროში მეტი ინვესტირების მიმართულებით აქტიურად მუშაობს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა საქართველოს საკვანძო სტრატეგიული მდებარეობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

„საქართველოს შეუძლია სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ამ მიზნით, შავ ზღვაში საქართველოსა და ევროპის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანის იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს. ეს სტრატეგიული პროექტი ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის მწვანე განახლებადი ენერგიის სატრანზიტო შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ისტორიული ცვლილებების განხორციელება, ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფა და გლობალურ კლიმატის ცვლილებაში დადებითი გრძელვადიანი ცვლილებების მოხდენა.

დისკუსიის თანათავმჯდომარეები ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იყვნენ.

დისკუსიაში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე არაერთი ქვეყნის ლიდერი და კერძო კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.