ილია დარჩიაშვილი - პრემიერის მიმართვაში საუბარი იყო საქართველოს პოტენციალზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიების ათვისება

მსოფლიოში არსებული უამრავი სირთულის ფონზე, კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს გამოწვევას. გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტი, სწორედ არის ადგილი, სადაც მსოფლიო ლიდერები საუბრობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილების ეფექტურად გამკლავება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეგვიპტეში საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა აღნიშნულ სამიტში.

„დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა აუდიტორიას და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილებას და რომელიც ჩანს საქართველოს პრიზმიდან“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის მეთაურის მიმართვაში საუბარი იყო, საქართველოს პოტენციალზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიების ათვისება, რაც წარმოადგენს ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებას.

„პრემიერის მიმართვაში, ასევე, საუბარი იყო საქართველოს პოტენციალზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიების ათვისება, რაც წარმოადგენს ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებას. დღევანდელი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე მიიღო მონაწილეობა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეგვიპტის პრეზიდენტი, თანათავმჯდომარეობდა ასევე გერმანიის კანცლერი, ესწრებოდნენ ევროპის ქვეყნების ლიდერები და ასევე სხვადასხვა, ევროპის გარეთ არსებული ქვეყნების ლიდერები, ესწრებოდა ევროკომისიის პრეზიდენტი. აღნიშნული მრგვალი მაგიდის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე საუბრობდა საქართველოს შესაძლებლობებზე, იმ პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ეფექტურად კლიმატის ცვლილებას, ქვეყანაში არსებულ განახლებადი ენერგიების პოტენციალზე და იმ პროექტებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს, ან გეგმავს მომავალში, იმისთვის, რომ საქართველო ენერგეტიკულად კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას და განხორციელდეს ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც დაგეგმილია ჩვენს ქვეყანაში,"- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.