მარიამ ქვრივიშვილი - გვაქვს  მოლაპარაკება ლონდონსა და თბილისს შორის  პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე

ლონდონიდან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესაძლებლობები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია easyjet-თან შეხვედრისას. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკასა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტების ნაკადების კიდევ უფრო მატებას.

"გამოფენის ფარგლებში გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, თუმცა გამოვყოფდი „easyjet" -ს, რომელთანაც გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკება, რომ გვქონდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ლონდონსა და თბილისს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია ბრიტანეთი და პირდაპირი რეისების არსებობა განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

მარიამ ქვრივიშვილი უკვე შეხვდა კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან, წამყვანი მედიასაშუალებების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.

ქართულმა მხარემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, სამოგზაურო პლატფორმებისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი, პროდუქტები, ავიარეისების შესახებ ინფორმაცია და ტურიზმის აღდგენის დინამიკა გააცნეს. შეხვედრებს საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში სოფიო ქაცარავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

WTM London-ს 51 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 5000-მდე კომპანიაა წარდგენილი. მას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი ტურიზმის მინისტრი და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესწრება. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენას 3 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს.