Disney-მ რუსეთში კინოგაქირავების ოფისი დახურა

Walt Disney Company, რომელიც Pixar-ის, Marvel Studios-ს, Lucasfilm-ისა და 20th Century Studios-ს მფლობელია, რუსეთში კინოგაქირავების განყოფილების ოფისს ხურავს. ინფორმაციას სპეციალიზებული გამოცემა „კინოგაქირავების ბიულეტენი“ ავრცელებს.

კინოგაქირავების განყოფილების თანამშრომლების უმეტესობა უკვე დაითხოვეს, დანარჩენს კი მოსკოვში, Disney-ის მთავარ ოფისში გადაიყვანენ, სადაც ისინი კომპანიის საქმიანობის სრულ შეწყვეტამდე აუცილებელ სამუშაოებს განახორციელებენ. ამჟამად დსთ-ს, თითქმის, ყველა კონტრაგენტთან კომუნიკაცია უშუალოდ Disney-ის ამერიკული ოფისიდან ხდება.

Disney-მ რუსეთში ფილმების მიწოდება უკრაინის ომის გამო 1 მარტს დროებით შეაჩერა. 11 მარტს კომპანიამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში „ყველა სხვა ბიზნესს“ აჩერებს, მათ შორის იყო კონტენტისა და პროდუქციის ლიცენზირება, Disney Cruise Line-ის საქმიანობა, ჟურნალ National Geographic-ის გამოცემა და ამავე სახელწოდების ტელეარხის მაუწყებლობა. ოქტომბერში რუსულენოვანმა საიტმა, Disney.ru-მ მუშაობა შეწყვიტა, რომელიც მას შემდეგ მომხმარებლებს ვებგვერდ disney.com-ზე ავტომატურად გადაამისამართებს.

The Walt Disney-მ რუსეთში არამატერიალური აქტივების გაუფასურების ხარჯი 195 მლნ დოლარად შეაფასა.

ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ 2 ნოემბერს Disney-ის, Marvel-ის, Pixar-ის, DC Comics-ის სათამაშოები, სპორტული ინვენტარი და სხვა პროდუქტები რუსეთში პარალელური იმპორტისთვის დაშვებული საქონლის სიას დაამატა. თუმცა ეს ნებართვა ფილმებზე არ ვრცელდება, რადგან, უწყების განცხადებით, „პარალელური იმპორტი აუდიოვიზუალურ ნაწარმოებებზე არ შეიძლება გავრცელდეს.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ