გერმანელმა სამართალდამცველებმა ბანკ UBS-ის ფილიალები უსმანოვის საქმეზე გაჩხრიკეს

გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისმა მაინის ფრანკფურტსა და მიუნხენში შვეიცარული ბანკის, UBS-ის ფილიალები გაჩხრიკა. ინფორმაციას Spiegel ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩხრეკის მიზანი ფულის გათეთრების საქმეზე მტკიცებულებების მოძიებაა, რომელსაც Spiegel სანქცირებული რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის საქმის გამოძიებას უკავშირებს. გამოცემა არ აკონკრეტებს, თუ საიდან მიიღო ეს ინფორმაცია.

UBS-მა დაადასტურა, რომ მის ფილიალებში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების მიზეზი არ დაუსახელებია. სააგენტო Bloomberg-ს ბანკის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ UBS სრულად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, თუმცა ამ დროისთვის დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს.

Reuters-ს მაინის ფრანკფურტის პროკურატურის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ჩხრეკა ეჭვმიტანილ რუს „ოლიგარქს“ მართლაც უკავშირდება, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებს. Spiegel-ის მიხედვით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ბოლო თვეებში ბანკებიდან, თითქმის, 100 საეჭვო ტრანზაქციის ანგარიში ამოიღეს, რომელიც უსმანოვთან არის დაკავშირებული. გამოძიება 2018-დან 2020 წლამდე პერიოდში 2 მლნ ევროზე მეტი ოდენობის საეჭვო ტრანზაქციებით დაინტერესდა. ტრანზაქციები, ძირითადად, ნაღდი ფულის გატანასა და ორ კომპანიას, Omnia Services Group-სა და Tegernsee-ს შორის დიდი თანხის გადარიცხვას მოიცავს.

სექტემბერში Bloomberg და Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ გერმანელმა სამართალდამცველებმა უსმანოვის ვილა გაჩხრიკეს. Reuters იუწყებოდა, რომ გერმანიაში მილიარდერთან დაკავშირებულ ორ საქმეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იძიებდნენ, რომელიც სანქციების შესაძლო დარღვევასა და ფულის გათეთრებას შეეხება. მაშინ Spiegel წერდა, რომ მიუნხენის საგადასახადო ოფისის მიერ უსმანოვი 555 მლნ ევროს ოდენობის გადასახადებისგან თავის არიდებაში არის ეჭვმიტანილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ