მარნეულის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე მოადგილეებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. კომპანიის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, კენან ომაროვთან და მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ, ზაურ დარგალთან ერთად სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

„მარნეულის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სატუმბი სადგური და ახალი წყლის რეზერვუარები.

პარალელურად გრძელდება წყალარინების ქსელის სამშენებლო სამუშაოები.

სამუშაოები 4 დამოუკიდებელ ლოტად ხორციელდება და ეტაპობრივად, 15 თვის განმავლობაში დასრულდება.

შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის 22 000 ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ამასთანავე, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება“,- ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.