„ასეთი რამ არასდროს გვინახავს“ - ევროპაში სათბურები იხურება და სასურსათო კრიზისი მწვავდება

ევროპის ენერგოკრიზისი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და ბუნებრივი აირით შანტაჟმა გამოიწვია, თანდათან სასურსათო კრიზისის სახესაც იძენს. ზაფხულის ცხელ კლიმატსა და გამანადგურებელ გვალვებს ახლა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ რეკორდული ინფლაციაც ემატება და სასოფლო-სამეურნეო სექტორს ერთიანად აწვება ტვირთად.

2022 წელი ევროპელი ფერმერებისთვის განსაკუთრებით რთულია. კრემლის მიერ გაზის თითქმის სრულად შეწყვეტილი მიწოდება მთლიანად აგროსექტორისთვისაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი, თუმცა ზოგიერთ სექტორზე მას უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე დანარჩენებზე. ენერგიის ფასების ზრდამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე გააჩინა ზამთარში ენერგიის რაციონირების რისკები.

ასე მაგალითად, ენერგიის მაღალი მოხმარებით გამოირჩევიან პასტერიზაცია და რძის ფხვნილის დამზადების პროცესები, რომლებიც, თავისთავად, სხვა პროდუქტების ფასებზეც მოქმედებენ, იქნება ეს რძის ნაწარმი თუ პურ-ფუნთუშეული. ივლისთან შედარებით ევროპაში უკვე 80%-ით გაძვირდა კარაქი, 28%-ით საქონლის ხორცი და ფერმერების თქმით, ფასები კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მოიმატებს ზამთარში.

red-modern-line-chart-diagram-produt-data-graph-1-1667991953.png

გარდა საკვები პროდუქტებისა, ენერგიის ფასებზე მიბმულია სასუქის წარმოების ხარჯებიც. ომის დაწყების შემდეგ, დანახარჯების ზრდის გამო, ინდუსტრიის თითქმის 70% გაჩერდა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს მოსავლიანობაზეც.

სასუქის საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ომის შედეგები 2%-ით შეამცირებს სიმინდის, ბრინჯისა და სოიას გლობალურ წარმოებას. ევროპაში მოსალოდნელია ბურღულეულის წარმოების 4%-ით შემცირება 5-წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მზესუმზირასი - 12%-ით, სიმინდის კი 16%-ით.

ახლა ევროპელი ფერმერები და მწარმოებლები უკვე აფრთხილებენ მომხმარებლებს ზამთარში ფასების ზრდასთან, გარკვეული პროდუქტების მიწოდების შემცირებასთან დაკავშირებით და დახმარებისთვის მთავრობებს მიმართავენ.

როგორც Financial Times წერს, ევროკავშირის ფერმერთა გაერთიანება Copa-Cogeca-ს და სურსათის მწარმოებელი კიდევ ორი უმსხვილესი ასოციაცია FoodDrink Europe-ისა და PFP-ის თანახმად, მათმა წევრებმა უკვე დაიწყეს ოპერაციების შეჩერება და პროდუქციის გამოშვების შემცირება.

Copa-Cogeca-ს გენერალური მდივნის, პეკა პესონენის თქმით, ზამთარში ევროპელ მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი ფასები, ასევე ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტი ელით - „ასეთი რამ აქამდე არასდროს გვინახავს, ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ყველაფერს ასეთი შედეგები მოჰყვებოდა“, - აღნიშნა მან.

ფერმერები უკვე ამცირებენ ხილისა და ბოსტნეულის ნათესებს შემდეგი წლისთვის, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, სათბურების მუშაობის ხარჯებმა მათ შემოსავალს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

ელექტროენერგიის მაღალი ხარჯების გამო პომიდვრის მწარმოებელი შვედური კომპანია Nordic Green არ აპირებს ზამთარში ბოსტნეულის მოყვანას. სათბურების მუშაობას ასევე აჩერებენ ნიდერლანდებში, რომელიც აშშ-ს შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია.

„სავარაუდოდ, ამ ზამთარში მომხმარებელთა უმეტესობას კიტრისა და პომიდვრის შეძენა არ შეეძლება, რადგან მათი მოყვანა ფინანსურად მომგებიანი აღარაა“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ალექსანდერ ფორმსი.

ამავდროულად, ევროპისთვის პომიდვრის მიწოდებას ზრდიან თურქი მწარმოებლები, რომლებსაც მათ პროდუქციაზე მოთხოვნის მატების იმედი აქვთ. ევროპაში პომიდვრის ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს მაროკოც.

წარმოებას ამცირებენ ისინიც, ვისაც პროდუქცია არა სათბურებში, არამედ გარე სივრცეში მოჰყავთ, რადგან ნაწარმის შენახვას მაცივარი და შესაბამისად, გაძვირებული ენერგიაც სჭირდება.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მეათე თვის თავზე რუსეთმა თითქმის სრულად შეუწყვიტა ევროპას გაზის მიწოდება მთავარი მილსადენით, Nord Stream 1-ით, რამაც კონტინენტზე ენერგიის ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია. გარდა გაზისა, ევროკავშირში აგრესორი ქვეყნიდან სასუქის მნიშვნელოვანი ნაწილიც შემოაქვთ. საქმე იმაშია, რომ ბელარუსისგან განსხვავებით, ამ რუსულ პროდუქციაზე სანქციები არ ვრცელდება. ბოლო პერიოდში გაზის გაიაფებამ სასუქის ინდუსტრიას მუშაობის გარკვეულწილად აღდგენის საშუალება მისცა, თუმცა პრობლემების მოსაგვარებლად ეს საკმარისი არაა.

გაზის ფასების დინამიკა ევროკავშირში:

ngeu-com-1667978052.png

კახი ჩაკვეტაძე