სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟის შემდეგ ახალი კორპუსი აშენდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა ისაუბრა ასევე მეორე პროექტზეც, რომელიც კალოუბნის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ ავარიულ კორპუსს შეეხება. კალაძის თქმით, ვიდრე ახალი კორპუსი აშენდება და ის ოჯახებს ჩაბარდება, მოსახლეობას ქირით გაიყვანენ.

„მინდა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით დავიწყო, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია. გასულ კვირას შესაძლებლობა გვქონდა, სამგორის რაიონში მივსულიყავით და ადგილზე გაგვეცნო პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც ხორციელდება. არსებული შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. ოჯახები ცხადია, უზრუნველყოფილი არიან ქირით, გაყვანილი არიან დროებით. როგორც კი მოხდება დემონტაჟი, ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენება დაიწყება და ამ ოჯახებს 2 წლის განმავლობაში ჩაბარდებათ სრულიად ახალი, მოწესრიგებული და რაც მთავარია, გარემონტებული საცხოვრებელი ფართები. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროგრამა, რადგან სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც ცხადია, სხვადასხვა ავარიულობის კატეგორიები აქვს მინიჭებული. ყველაზე მთავარია ის, რომ ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ კონკრეტული პროგრამა, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია, მომდევნო წლების განმავლობაშიც მოხდეს ამ შენობების ჩანაცვლება, რადგან ერთი და ორი წელი, ამ პრობლემის მოგვარებას არ ეყოფა. შეიძლება ხვალ, ზეგ, მომდევნო წლების განმავლობაში არ ვიყოთ დედაქალაქის მთავრობაში, მაგრამ ვინც იქნება, მათაც ექნებათ საშუალება, იხელმძღვანელონ აღნიშნული პროგრამით და განახორციელონ ავარიული კორპუსების ჩანაცვლება. დაახლოებით, 10 000-მდე ასეთი შენობა-ნაგებობაა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში, სხვადასხვა უბანში და მისი პროექტის სახით განხორციელება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.

მან მთავრობის სხდომაზე გამგებლებსაც მოუწოდა აქტიურობისკენ და იმ ოჯახების დახმარებისკენ, რომლებიც მსგავს პირობებში ავარიულ სახლებში ცხოვრობენ.

„მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სიახლე, რომ გვაქვს კიდევ მეორე პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, ეს არის კალოუბნის 18-ში მდებარე კორპუსი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, უმძიმესი მდგომარეობაა, შემიძლია გაჩვენოთ ფოტომასალა, რომელიც ასახვას იქ არსებულ ვითარებას. შენობა ცხადია, ავარიულია. დაახლოებით, 30 ოჯახი ცხოვრობს ამ კორპუსში და მათი მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება, შეთანხმება. დღეის მდგომარეობით, მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეულია, ხელშეკრულება გაფორმებულია საპროექტო კომპანიასთან, რომელიც წლის ბოლომდე დაასრულებს დეტალურ პროექტირებას. 30 ოჯახი ძალიან ცუდ პირობებში, გაუბედურებულ შენობა-ნაგებობაში ცხოვრობდა. ისინი იცხოვრებენ ახალ კორპუსში, რომელიც გარემონტებული და სრულად მოწესრიგებული ჩაბარდება მათ. კალოუბნის 18-ში მცხოვრებ 30 ოჯახს, როგორც ვარკეთილის შემთხვევაში, ბინები სრულად გარემონტებული ჩაბარდება. პროექტი ჯამში 2 წლის განმავლობაში დასრულდება. ასევე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ დაახლოებით, 21 პროექტი განიხილება დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის მიერ“, - განაცხადა კალაძემ.