„როდესაც ფორმა არის რთული და გაუგებარი, ჩნდება მეტი მოტივაცია, რომ თავი ავარიდოთ ვალდებულების შესრულებას“ - ბიზნესასოციაცია ე.წ. „ტაბელების“ წარმოებაზე

„როდესაც ფორმა არის რთული და გაუგებარი, ჩნდება მეტი მოტივაცია, რომ თავი ავარიდოთ ვალდებულების შესრულებას,“ ამის შესახებ ბიზნესასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

საუბარია, ბიზნეს სექტორისთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულებაზე. ბიზნესი აღნიშნული ფორმების გამარტივებას დიდი ხანია ითხოვს და ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს წესი გაამარტივოს.

როგორც ნიკა ნანუაშვილმა გადაცემაში „საქმე“ აღნიშნა, ე.წ. „ტაბელების“ ფორმა, რომელიც ჯერ კიდევ ამ სახით არსებობს და ცვლილებებს ელოდება, დაკავშირებული იყო ბევრ შიდა ბიუროკრატიასთან.

„არსებული ფორმა შეიცავდა ბევრ ისეთ გრაფას, რომელიც პირდაპირ და უშუალო კავშირში არ იყო ნამუშევარი დროის აღრიცხვასთან. მნიშვნელოვანი სიახლე რაც მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ იცვლება - თითქმის ნახევრდება ამ ფორმაში შესავსები გრაფები. მათ შორის აღარ იქნება სავალდებულო ცალკე, ხელით მითითება სამსახურში არ გამოცხადების მიზეზების, იქნება ეს გაცდენა, საავადმყოფო ფურცელი, შვებულება (ხელფასიანი, უხელფასო) და ა.შ. მთელი ეს ბიუროკრატია მოშორდა ამ ფორმას და როგორც მანამდე აღირიცხებოდა ცალკე, ცვლილების ამოქმედების შემდეგაც ისე აღირიცხება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვლილების შედეგად ამ ფორმების ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობა მიეცემა ბიზნესს. კერძოდ, იმ კომპანიებს ვისაც აქვთ სამუშაო სივრცეში ელექტრონული დაშვების საშუალება, შეუძლიათ ეს მონაცემები ელექტრონულად აღრიცხონ, რაც ვალდებულების შესრულებად ჩაეთვლებათ. ცალ-ცალკე ეს საკითხები შესაძლოა წვრილმანია, მაგრამ იმ კომპანიებისთვის ვისაც ყოველდღიური შეხება უწევდა ამ ბიუროკრატიასთან, პროცედურა მათთვის მნიშვნელოვნად გამარტივდება,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა ძირითადი დარღვევები იყო გამოვლენილი შრომის ინსპექციის მიერ კომპანიების შემოწმების პროცესში.

„ჩვენი ინფორმაციით, ერთ -ერთი გავრცელებული დარღვევა იყო სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმებთან. ნაწილი იყო არასწორად შევსების ფაქტები, ნაწილი კი საერთოდ შევსებაზე უარის თქმა. რითია გამოწვეული ეს? როდესაც ფორმა არის გაუგებარი, რთული და მისი წარმოება გართულებულია, ბუნებრივია, ჩნდება მეტი მოტივაცია რომ თავი ავარიდოთ ამ ვალდებულების შესრულებას, როცა ეს ფორმა გახდება მარტივი, მისი წარმოება იქნება თანამედროვე ელექტრონული ფორმით შესაძლებელი, რასაკვირვებელია მოიმატებს ამ ვალდებულების შესრულების როგორც ხარისხი, ისე იმ ბიზნესების რაოდენობაც ვინც შეასრულებს ამ ვალდებულებას,“- აღნიშნა ნანუაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით, შრომის ინსპექციისა და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, ბიზნეს გაერთიანებებსა და პროფკავშირებთან კონსულტაციების შემდეგ, ბიზნეს სექტორისთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ცვლილებები განხორციელდება შესაბამის ნორმატიულ აქტში, რის საფუძველზეც სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების წარმოება მაქსიმალურად გამარტივდება.

თაია არდოტელი