კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე გამოცხადდა

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე - აბაშვილის ქუჩის N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ გამოცხადდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ორი პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით დამატებით, 180-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, ასეულობით ოჯახის პრობლემის გადასაჭრელად. კიდევ ორ მისამართზე - აბაშვილის ქ. N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ, გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვა, რომლის ფარგლებშიც დამატებით, დაახლოებით, 180 ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. ვიმედოვნებ, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, ამჯერადაც გამოხატავენ ინტერესს და მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, კიდევ ბევრი ოჯახი დაკმაყოფილდება ბინებით, რასაც ათეული წლებია სახელმწიფოსგან ელოდებოდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მთლიანობაში, ხუთი წლის განმავლობაში, თბილისის მერია 2 000-მდე ოჯახის პრობლემის მოგვარებას შეძლებს. თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო დაპირების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი ფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ყველა ოჯახს დააკმაყოფილებს.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება ჩემი საარჩევნო დაპირება იყო 2017 წელს და დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება. დღეის მდგომარეობით, ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. დაახლოებით, 3 000-მდე ოჯახზეა საუბარი, რომელსაც აღნიშნული პრობლემა ეხება და უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოხდეს ამ ოჯახების დაკმაყოფილება. ეს არის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ყველა ოჯახი დაკმაყოფილება და მათ საკუთარი საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.