„საპოლიციო გამოსახლების წესი აღსადგენია – ნებისმიერი მოქალაქე უნდა წუხდეს, რომ საკუთრების დაცვის ეფექტური მექანიზმები არ გვაქვს“

„საპოლიციო გამოსახლების წესი აღსადგენია,“- ამის შესახებ ბიზნესასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ცალსახად ქვეყანაში საპოლიციო გამოსახლების წესის არარსებობა პრობლემებს უქმნის, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც გააჩნია რაღაც საკუთრება, უნდა წუხდეს იმაზე, რომ საპოლიციო გამოსახლების წესი გაუქმებულია, საკუთრების დაცვის ეფექტური მექანიზმები არ გვაქვს, უნდა წავიდეთ სასამართლოში, ვიდაოთ რამდენიმე წლის განმავლობაში და 99%-ით ამ დავას მოვიგებთ, მაგრამ ფინანსური შედეგი ამას დიდი არაფერი ექნება. ამიტომ საპოლიციო გამოსახლების წესი აღსადგენია იმ ფორმით რა ფორმითაც ამ დრომდე იყო,“- განაცხადა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ მთავრობას წერილი გაუგზავნა, რომლითაც საპოლიციო გამოსახლების წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს.

მათივე ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გააქტიურებულმა მიგრაციამ საქართველოს დიდ ქალაქებში გასაქირავებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა, რა დროსაც გახშირდა ფაქტები, ქირით დაკავების შემთხვევაში ურჩი გადამხდელების შესახებ.

თაია არდოტელი