საახალწლოდ რუსეთში უცხოურ ბრენდებს ქართული და სომხური ალკოჰოლური სასმელები ჩაანაცვლებს - RBC

რუსეთის ალკოჰოლურ ბაზარზე დასავლური სანქციების შედეგად გამქრალ უცხოურ ბრენდებს საახალწლოდ ქართული, სომხური და ინდური სასმელები ჩაანაცვლებს. ამის შესახებ სააგენტო RBC-ის მიერ გამოკითხული ბაზრის მონაწილეები აცხადებენ.

ექსპერტები ამბობენ, რომ სანქციები ალკოჰოლის მიწოდებაზე რუსეთში საახალწლოდ არაერთი პოპულარული ბრენდის, მათ შორის შამპანურ Moët-ის, ვისკი Chivas Regal-ისა და ლიქიორ Baileys-ის დეფიციტს გამოიწვევს. საახალწლო არდადეგებამდე ორი თვით ადრე ალკოჰოლის საბითუმო და საცალო მოვაჭრეებმა უკვე დაიწყეს ალკოჰოლური სასმელების პოპულარული ბრენდების დეფიციტის დაფიქსირება, რომლებიც ქვეყანაში ადრე საზღვარგარეთიდან შედიოდა. РБК წერს, რომ დეფიციტური სასმელები დახლებიდან მაშინვე ქრება, ხოლო ზოგიერთი მათგანის მარაგი უკვე ამოიწურა.

კომპანია Ladoga-ს განვითარების დირექტორი, დიმიტრი ისაჩენკოვი აცხადებს, რომ მაღაზიებისა და რესტორნების წინასაახალწლო შესყიდვებში ცქრიალა ღვინოებზე, ფრანგულ კონიაკსა და შოტლანდიურ ვისკზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ექსპერტის თქმით, ამ კატეგორიებში ლომის წილი უცხოურ ბრენდებს ეკავათ, რომლებმაც ბაზარი ანტირუსული სანქციების გამო დატოვეს.

„ვერც კი ვასწრებთ მოტანას, ლაბორატორიულ შემოწმებას, განბაჟებასა და აქციზური მარკებით დაკვრას, რომ ორიოდე დღეში საქონელს კვოტებით მყიდველები იტაცებენ,“ - აცხადებს ისაჩენკოვი. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომპანიამ შამპანურისა და კონიაკის მიწოდება ოთხჯერ, ვისკის კი 70%-ით გაზარდა.

ბრენდების ყველაზე დიდი დეფიციტი შამპანურის კატეგორიაში გაჩნდება, რომელშიც მხოლოდ საფრანგეთის შამპანის რეგიონის სასმელები შედის. ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ლიპილინი ყველაზე დეფიციტურ შამპანურებიდან Moët & Chandon-ს, Piper-Heidsieck-ს და Louis Roederer-ს ასახელებს. მისი თქმით, ეს პროდუქცია გაქრება და მოვაჭრეებმა „უკვე უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რითი შეცვალონ ისინი.“

ძლიერი ალკოჰოლის ჩანაცვლება ისეთი ქვეყნებიდან მოიაზრება, როგორიც არის საქართველო, სომხეთი და ინდოეთი. მაგალითად, ქართულ და სომხურ კონიაკებზე, ასევე, ქართულ ჭაჭაზე, ღვინოსა და ხილის დისტილატებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია, ხოლო ვისკის მიწოდება ინდოეთიდან განიხილება. ამის შესახებ РБК-ს კომპანია Luding Group-ის მარკეტინგის დირექტორმა, ანდრეი უშაკოვმა განუცხადა.

ამასთან, საცალო ვაჭრობის ქსელ Metro-ს რუსულ ოფისში, რომელიც, ძირიათადად, საბითუმო გაყიდვებს ეწევა, აცხადებენ, რომ ცქრიალა ღვინოებს ბაზარზე საქართველოდან და სომხეთიდან ასევე, გერმანიიდან და სამხრეთ აფრიკიდან შეიტანენ. РБК-ის ცნობით, საცალო მოვაჭრეს ეს პროდუქცია აღნიშნული ქვეყნებიდან რუსეთში პირდაპირ შეაქვს.

ნოემბრის დასაწყისში მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ პარალელური იმპორტისთვის ნებადართული საქონლის სიაში ალკოჰოლის 40-მდე ბრენდი შეიტანა. ამის მიუხედავად, ღვინის დისტრიბუტორი კომპანია AST-ის მფლობელი, ლეონიდ რაფაილოვი აცხადებს, რომ საახალწლო სეზონისთვის კომპანიები ამ პროდუქტების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდებიან. რაც მთავარია, ის ამ ნებართვას არაეფექტურ ნაბიჯად მიიჩნევს, რადგან რუს მოვაჭრეებს უცხოურ ბრენდებთან სამომავლოდ ურთიერთობას უფუჭებს. რაფაილოვის თქმით, „როგორც კი მსხვილი უცხოური კომპანიები გააცნობიერებენ, რომ მათი ბრენდები რუსეთის ბაზარზე დაუცველია, ისინი ყველაფერს იზამენ, რათა მათი პროდუქცია რუსეთში აღარ გამოჩნდეს.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ