შემოსავლების სამსახურმა ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია მიიღო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და წევრი კომპანიების უშუალო ჩართულობით შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობამ, მსხვრევადი საქონლის სპეციალისტის მოწვევის გარეშე ჩამოწერასთან დაკავშირებით, ახალი გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკვე ერთი წელია მუშაობს, კერძოდ, რამდენიმე სამუშაო შეხვედრის შემდეგ აღნიშნული უფლება მიეცათ პირებს, რომლებიც შემოსავლების სამსახურის კატეგორიზაციით მსხვილი, ან საშუალო კატეგორიის გადასახადის გადამხდელებს წარმოადგენენ.

საგულისხმოა, რომ ამ ფორმით ჩამოწერას მხოლოდ ადვილად მსხვრევადი საქონელი (კაფელი, მეტლახი, მინა, კერამიკული მასალები და სხვა მსგავსი სამშენებლო-სარემონტო საქონელი) დაექვემდებარა, რომლის სააღრიცხვო ღირებულება მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში 25 000 ლარს, ხოლო საშუალო კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში 3 000 ლარს არ აღემატება.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ახალი რეგულაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადება კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ წარმადგინოს. ამასთან, თუკი გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ერთზე მეტი სავაჭრო ობიექტიდან ახორციელებს, იგი უფლებამოსილია ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერის შესახებ განცხადება თითოეული ობიექტიდან ცალ-ცალკე წარმოადგინოს, ხოლო კალენდარული თვის განმავლობაში წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე ჩამოსაწერი მარაგების ჯამური სააღრიცხვო ღირებულება გადასახადის გადამხდელის კატეგორიების მიხედვით დადგენილ ზღვრულ ოდენობებს არ უნდა აღემატებოდეს.

„შემოსავლების სამსახურის მიერ მსხვრევადი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაცია უდავოდ პოზიტიურია. შემოსავლების სამსახურმა გარკვეული ანალიტიკური პროცედურების, დაკვირვების, საკითხის შესწავლის შედეგად, მსგავს საქონელზე, შეიძლება ითქვას, მიიღო პრინციპულად სწორი გადაწყვეტილება, რადგან კომპანიები საქონლის იდენტიფიკაციის შეუძლებლობის გამო ისეთ საქონელს ბეგრავდნენ, რომლის რეალიზაცია რეალურად არ მოუხდენიათ. ამასთან შემოსავლების სამსახურთან შევთანხმდით, რომ ჩამოსაწერი საქონლის ღირებულების ზედა ზღვართან დაკავშირებით გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ დავუბრუნდებით დისკუსიას, მას შემდეგ, რაც უკვე მიღებული რეგულაციის მოქმედების პრაქტიკაზე მეტი ინფორმაცია გვექნება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.