კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პროექტი, რომელიც პანდემიის გამო შეჩერდა, ეტაპობრივად, მომდევნო წლების განმავლობაში განხორციელდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პროექტი, რომელიც პანდემიის გამო შეჩერდა, პრიორიტეტების მიხედვით ეტაპობრივად მომდევნო წლების განმავლობაში განხორციელდება. მისი თქმით, 2019 წლის დაპირება, რომ მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით მოხდებოდა, პანდემიის გამო გადაიდო.

„არაერთხელ გამიკეთებია განცხადება და ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრი ვისაუბრე. აღნიშნული პროექტი პანდემიის გამო გადაიდო და ეს არ იყო ერთადერთი პროექტი, რომელიც გაჩერდა. ძალიან ბევრი პროექტის შეჩერება მოგვიწია. ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად ვერც ერთი პროექტი ვერ განვახორციელეთ, იმიტომ, რომ თანხები მიმართული იყო სხვადასხვა მიმართულებით, რაც უფრო პრიორიტეტული იყო, ყველას გვახსოვს რამდენად რთული ორი წელი იყო. არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოში. რაც შეეხება პროექტების განხორციელებას, პრიორიტეტების მიხედვით ყველა შეჩერებული პროექტი განხორციელდება”,- განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ განმარტა, იპოდრომის დასრულება ეტაპობრივად მოხდება და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, როდის გაიხსნება.

„იპოდრომის პარკზე სამუშაოები მიმდინარეობს, გარკვეული ცვლილებები პროექტში მოხდა. ამაზე ვიდეო ჩართვა მქონდა, ასევე თქვენთან ჟურნალისტებთანაც შეხვედრა. საზოგადოებას ვაჩვენეთ, თუ რა ცვლილებები განხორციელდა. ეტაპობრივად მოხდება პროექტის დასრულება და უახლოეს მომავალში გეტყვით ზუსტ თარიღს, როდის იქნება მთლიანად დასრულებული. თქვენ იცით, რომ ამ სამუშაოებს საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუ” ახორციელებს, რომელიც შემდეგ ყოველგვარი გადასახადების გარეშე საჩუქრად მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადმოეცემა”, - განაცხადა კალაძემ.