სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმების შედეგად 20-მა დაწესებულებამ მუშაობა შეწყვიტა

სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ინფექციური კონტროლის კუთხით თბილისსა და უმეტეს რეგიონებში უკვე დასრულდა.

სტომატოლოგიურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 20-მა დაწესებულებამ შეწყვიტა ფუნქციონირება, თუმცა ამ ოციდან ხუთმა შეიცვალა რეკვიზიტები, იურიდიული მისამართი, გამოასწორა ხარვეზები და განაახლა საქმიანობა. მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა ოთხი დაწესებულება, რომლებიც იყო დაკეტილი და ვერ მოხერხდა მათი შემოწმება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, სტომატოლოგიურ კაბინეტებში მონიტორინგი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მისივე თქმით, სტომატოლოგიური დაწესებულებების ფუნქციონირების შეწყვეტის მიზეზი ინფექციის არასათანადო კონტროლია.

კვარაცხელიას შეფასებით, მთლიანად მონიტორინგმა დადებითი შედეგი აჩვენა."შემოწმება საკონსულტაციო ხასიათის იყო და სპეციალური ხასიათის კითხვარით მიმდინარეობდა. ჩვენი თვითმიზანი არ იყო კლინიკების დახურვა. ჩვენი მიზანი იყო კლინიკებში ინფექციის კონტროლის ამაღლება. მონიტორინგის პრინციპის არჩევამ ძალიან კარგი როლი შეასრულა. კლინიკებში ამაღლდა კონტროლი. დღეს შეიძლება ითქვას, რომ აპარატურის, რომელიც სტერილიზაციისთვის არის განკუთვნილი, დეფიციტია, რადგან სტომატოლოგიურმა კლინიკებმა აქტიურად დაიწყეს ამაზე ყურადღების მიქცევა. რაც წარმატებას მიანიშნებს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, მონიტორინგი არის პრევენციული ზომები, რომლის გარეშეც C ჰეპატიტის ელიმინაცია წარმოუდგენელია.  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში სულ დაახლოებით 1700 რეგისტრირებული სტომატოლოგიური კლინიკაა. შესამოწმებელი დარჩა ქართლისა და კახეთის რეგიონები, რომელთა შემოწმება ხუთ დღეში დასრულდება. მისივე თქმით, ასევე მოწმდება სტომატოლოგიური კლინიკები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული. ასევე ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს სილამაზისა და ტატუს სალონებში, ასევე, საავადმყოფოს ეზოებში.