ნიდერლანდებში მუნიციპალიტეტებმა საახალწლო ფეიერვერკები აკრძალეს

ნიდერლანდების თოთხმეტმა მუნიციპალიტეტმა, მათ შორის ამსტერდამმა და როტერდამმა, საახალწლო ფეიერვერკი აკრძალა. აკრძალვა ყველა სახის ფეიერვერკზე ვრცელდება, თუმცა არ შეეხება შუშხუნებსა და სხვა მინიფეიერვერკს, რომლებიც შესანახად უსაფრთხოა.

კორონავირუსის პანდემიისას ფეიერვერკი მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო აკრძალული, რომ საავადმყოფოები მათი გაშვებით დაზარალებული ადამიანებით არ გადატვირთულიყო. ამჯერად მუნიციპალიტეტებმა გადაწყვიტეს, ეს აკრძალვა მუდმივი გახადონ. ისინი აცხადებენ, რომ აკრძალვა არა მხოლოდ საახალწლო პერიოდის ტრამვების რაოდენობას შეამცირებს, არამედ თავიდან აიცილებს წვის მავნე პროდუქტების ჰაერში გავრცელებას. ამასთან, მუნიციპალიტეტებში ირწმუნებიან, რომ შეზღუდვა ადგილობრივ ცხოველებს ტანჯვას შეუმსუბუქებს, რომლებსაც ხმამაღალი აფეთქებების ეშინიათ. სამომავლოდ, ფეიერვერკის გაშვება მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალება.

ახალი წლის დღეებში ფეიერვერკის ნაცვლად ქალაქებში სინათლის შოუ გაიმართება.

24 ოქტომბერს „ევროპულსი“ წერდა, რომ ახალი წლის დღეებში ტრადიციული ფეიერვერკის გაუქმება ბელგიის ქალაქ გენტის მერიამაც გადაწყვიტა. მიზეზად მერიამ აფეთქებების შედეგად შეშინებული ცხოველები დაასახელა. ამის ნაცვლად, ქალაქი, ეგრეთ წოდებულ, ჩუმ ფეიერვერკს გამოიყენებს. ის დიდ სიმაღლეზე არ ადის და აფეთქების ხმა სათანადო ადგილას ლოკალიზდება, რაც ადგილობრივ ცხოველებსა და ფრინველებში პანიკას არ იწვევს.

სლოვაკეთის ქალაქ ლიპტოვის მიკულაშში მერია ცხოველთა კეთილდღეობის მიზნით ზედიზედ რამდენიმე წელია, ფეიერვერკზე უარს ამბობს, ხოლო ესპანურ ქალაქ ვეგას დე ხენილში ძაღლებს სპეციალურად ავარჯიშებენ, რომ ფეიერვერკის არ შეეშინდეთ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ