შამპანურის ექსპორტი 92,5%-ით, ღვინის კი 15% გაიზარდა - რუსეთი დასავლურ ბრენდებს ქართული სასმელით ანაცვლებს?!

რუსეთის ალკოჰოლურ ბაზარზე დასავლური სანქციების შედეგად გამქრალ უცხოურ ბრენდებს საახალწლოდ ქართული, სომხური და ინდური სასმელები ჩაანაცვლებს. ასეთია მოლოდინი რუსულ მედიაში. ქართული ალკოჰოლით ჩანაცვლება კი, ფაქტობრივად, უკვე დაწყებულია. თუ სტატისტიკურ მონაცემებს ვნახავთ, აღმოვაჩენთ, რომ წელს 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. უფრო მეტიც, როგორც ღვინის, ასევე სპირტიანი სასმელების და შამპანურის ჩრდილოეთში ექსპორტმა ბოლო10-12 წლის რეკორდიც კი მოხსნა.

კერძოდ, 2022 წელის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 40.6 მლნ აშშ დოლარის ალკოჰოლური და სპირტიანი სასმლის ექსპორტი განხორციელდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 24.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის - ზრდა 65%.

რაც შეეხება ცქრიალა ღვინოებს, 9 თვეში ექსპორტი ორჯერ გაიზარდა. 2021 წელს თუ რუსეთში 351 ათასი აშშ დოლარის ცქრიალა ღვინო გაიყიდა, მიმდინარე წელს ექსპორტმა 675.8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აქ ზრდა 92,5%-ს შეადგენს.

თითქმის 15%-იანი ზრდაა ნატურალური ღვინოების შემთხვევაში, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ - სექტემბერში საქართველოდან 108.7 მლნ აშშ დოლარის ღვინო გავიდა, გასულ წელს კი, 94.6 მლნ აშშ დოლარის.

საგულისხმოა, რომ ნოემბრის დასაწყისში რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ პარალელური იმპორტისთვის ნებადართული საქონლის სიაში ალკოჰოლის 40-მდე ბრენდი შეიტანა, თუმცა მექანიზმი არაქმედითი აღმოჩნდა და სახელმწიფო, უცხოურ კომპანიებთან ვერ შეთანხმდა.

იხილეთ ასევე: საახალწლოდ რუსეთში უცხოურ ბრენდებს ქართული და სომხური ალკოჰოლური სასმელები ჩაანაცვლებს - RBC

თამარ მუკბანიანი