2022 წლის მე-3 კვარტალში ტელევიზიებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავალი 16,3 მლნ ლარი იყო

2022 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 16,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1,7 მილიონი ლარით, 9.3%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეკლამო შემოსავლების კლება სავარაუდოდ აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციითაა გამოწვეული, რომელიც ძალაში 2022 წლის 1-ლი მარტიდან შევიდა. კომისიის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 3.7 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

„ტელევიზიების და რადიოების სარეკლამო შემოსავლების 70.8% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სარეკლამო შემოსავალში 17% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-ით არის გაზრდილი.

2022 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 15 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 69.3% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალში 17.3% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 7.8%-ით არის გაზრდილი.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი „ტელეიმედს“ ჰქონდა, რომლის შემოსავალიც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 400 000 ათასი ლარით შემცირდა და 4.9 მილიონი ლარი შეადგინა.

„მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალი წლიურად 200 ათასი ლარით შემცირდა და 2.1 მილიონი ლარი იყო.

„მედია ჰოლდინგის“ (ყოფილი რუსთავი2) სარეკლამო შემოსავალმა 1.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 200 ათასი ლარით ნაკლებია.

1.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო „პოსტვ“-მ, რომლის შემოსავალიც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით უცვლელი დარჩა.

წლიურად 200 ათასი ლარით ნაკლები მიიღო “ტელეკომპანია პირველმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალმა 2022 წლის მე-3 კვარტალში 1.1 მილიონი ლარი შეადგინა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი არ შეცვლილა და წინა წლის მსგავსად 900 ათასი ლარი შეადგინა.

2022 წლის მესამე კვარტალში 800 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო „ბი ემ ჯი-მ“.

უცვლელი დარჩა „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შემოსავალი, რომელმაც 500 ათასი ლარი შეადგინა.

წლიურად 200 ათასი ლარით ნაკლები მიიღო “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალიც 400 ათასი ლარი იყო.

წინა წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, 700 ათასი ლარით ნაკლები შემოსავალი “სილქნეტმა” მიიღო, რომლის სარეკლამო შემოსავალმა სულ 200 ათასი ლარი შეადგინა.

სხვა მაუწყებლებმა ჯამში 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათი სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის მესამე კვარტალში 300 ათასი ლარით შემცირდა და 1.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.4% პირდაპირი რეკლამა იყო. სპონსორობის წილი კი 13.3% იყო, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3.1%-ით მეტია.

რადიომაუწყებლებიდან მიღებული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე მეტი 740 ათასი ლარი „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ ჰქონდა. „რადიო იმედმა“ 126 ათასი ლარი, „რადიო პალიტრამ“ – 89 ათასი ლარი, „ქართულმა რადიომ“ კი 73 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. „მდ ჯგუფს“ – 71 ათასი ლარის, „მედია ჰოლდინგ აფხაზეთის ხმას“ – 44 ათასი ლარის, ხოლო „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ – 28 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა. კომპანია მედიასტრიმმა 26 ათასი ლარი, „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ – 22 ათასი ლარი, ძველმა ქალაქმა კი 17 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. სხვა რადიომაუწყებლებს ჯამში 137 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავლები ჰქონდათ,“- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგს და განცხადებებს მოიცავს.

თაია არდოტელი