Binance ბირჟა FTX-ს აღარ ყიდულობს - კრიპტოვალუტების ფასები ვარდნას განაგრძობს

კრიპტოინდუსტრიაში მღელვარება პიკს აღწევს. Binance-მა უარი თქვა თავისი უმთავრესი ოპონენტის, FTX-ის შეძენაზე, რომელიც ახლა 8 მილიარდ დოლარამდე ვალდებულებების ამარა და ბუნდოვანი მომავლის წინაშეა დარჩენილი.

ამ სიახლის გავრცელების შემდეგ უმსხვილესი ციფრული ვალუტა Bitcoin, რომლის ფასიც ჯერ კიდევ გუშინ მკვეთრად შემცირდა, ბოლო 24 საათში კიდევ 10%-ით გაიაფდა და ამჟამად 16,725 დოლარამდე ღირს, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აქამდე ცნობილი იყო, რომ Binance FTX-ის შეძენას მისი ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო აპირებდა, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა და უმსხვილესი კრიპტობირჟის მფლობელებმა სემ ბენქმენ-ფრიდის FTX-ის შეძენა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ეჭვებისა და აშშ-ს საფინანსო მარეგულირებლების მიერ გამოძიების გამო გადაიფიქრეს.

ინვესტორების განწყობასა და კრიპტოვალუტების ფასზე ჯერ FTX-ის კრიზისის სიახლემ იქონია გავლენა, შემდეგ კი Binanace-ის მიერ გადაწყვეტილების შეცვლამ.

ციფრული ვალუტების საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 836.6 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით 7.62%-ით ნაკლებია.

Bitcoin-ის კვალს მიჰყვებიან სხვა კრიპტოვალუტებიც. გთავაზობთ 10 უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასის ცვლილებას ბოლო 1 კვირაში:

  • Bitcoin - 17.1%-იანი კლება, ღირებულება 10 ნოემბრისთვის - $16,721 დოლარი.
  • Ethereum - 21.9%%-იანი კლება, ღირებულება 10 ნოემბრისთვის - 1,187 დოლარი.
  • Tether – 0.1%-იანი ზრდა, ღირებულება 10 ნოემბრისთვის - 1 დოლარი.
  • BNB – 11.7%-იანი კლება, ღირებულება 10 ნოემბრისთვის - 281 დოლარი.
  • USD Coin - 0.5%-იანი ზრდა, ღირებულება 10 ნოემბრისთვის - 1 დოლარი.
  • Binance USD – 0.4%-იანი ზრდა, ღირებულება 10 ნოემბრისთვის - 1 დოლარი.
  • XRP – 17.2%-იანი კლება, ღირებულება 10 ნოემბრისთვის - 0.37 დოლარი.
  • Cardano ADA – 8.9%-იანი კლება, ღირებულება 10 ნოემბრისთვის - 0.35 დოლარი.
  • Dogecoin – 35.1%-იანი კლება, ღირებულება 10 ნოემბრისთვის - 0.083 დოლარი.
  • Polygon - 8%-იანი კლება, ღირებულება 10 ნოემბრისთვის - 0.0934 დოლარი.
კახი ჩაკვეტაძე