Meta თანამშრომლების 13%-ს დაითხოვს

ამერიკული კომპანია Meta Platforms Inc თანამშრომლების 13%-ს დაითხოვს, რაც რაოდენობრივად 11 ათასი დასაქმებულია. მიზეზი კი გახლავთ ხარჯების შემცირების მიზნით ამოქმედებული პროგრამა.

„ონლაინ ვაჭრობა არა თუ არ დაუბრუნდა გასული წლების ტრენდებს, მაკროეკონომიკურმა შესუსტებამ, კონკურენციის გაზრდამ და სარეკლამო შემოსავლების კლებამ მოგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენმა შემოსავლებმა იკლო იმაზე მეტად, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მე შევცდი და ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას“, - მიმართა მარკ ცუკერბერგმა თანამშრომლებს, რომლის სიტყვებსაც MarketWatch-ი ავრცელებს.

სექტემბრის ბოლოსთვის Meta-ში დასაქმებულთა რაოდენობა 87 ათასი იყო. 2020-2021 წლებში კომპანიამ 27 ათასზე მეტი ადამიანი დაასაქმა, იანვარ-სექტემებრში კი მისი შტატი კიდევ 15,3 ათასით გაიზარდა.

დათხოვნის გამოცხადებასთან ერთად Meta-მ ხარჯების პროგნოზიც შეცვალა, რომელიც 2023 წელს შეადგენს 94-100 მილიარდს, მაშინ როცა მანამდე ნავარაუდევი იყო 96-101 მლრდ. კაპიტალური ხარჯების პროგნოზი შემცირებულია 34-39 მილიარდიდან 34-37 მილიარდამდე.

ამასთან, კომპანია მოელის, რომ მისი შემოსავლები მეოთხე კვარტალში იქნება 30-32,5 მლრდ დოლარის დიაპაზონში, ხოლო წლევანდელი ჯამური ხარჯები მიაღწევს 85-87 მლრდ დოლარს.

კოკა კვირკველია