S&P Global Ratings - რუსების შედინებამ საქართველოს მშპ გაზარდა და ვალუტა გაამყარა

წელს რუსების მასიურმა შედინებამ და ფულადი გზავნილების მკვეთრმა მატებამ საქართველოს და სომხეთის მშპ-ის მნიშვნელოვან ზრდას და ამ ქვეყნების ვალუტის გამყარებას ხელი შეუწყო. ამის შესახებ S&P Global Ratings-ის მიმოხილვაში არის ნათქვამი, რასაც რუსული Forbes ავრცელებს.

წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ საქართველოში 10.3%, სომხეთში კი 13.1% შეადგინა, რაც 2022 წლის დასაწყისის პროგნოზს საგრძნობლად აღემატება. მიზეზებს შორის S&P Global Ratings-ის ანალიტიკოსები რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრ ზრდას ასახელებენ, რამაც ამ ქვეყნების საგადამხდელო ბალანსს ხელი შეუწყო, ხოლო შიდა მოთხოვნის ზრდა რუსეთიდან ხალხის მასიურმა შედინებამ განაპირობა.

„რუსების შედინებამ მათი რელოკაციის მარშრუტზე მყოფი ქვეყნების ეროვნული ვალუტა გაამყარა. თებერვლის ბოლოდან საქართველოს და სომხეთის ვალუტები სტაბილურად მყარდებოდა, მაშინ, როცა მსოფლიო ფინანსური გამკაცრებისა და სასაქონლო ფასების ზრდის გამო სხვა განვითარებადი ბაზრების ვალუტების უმეტესობა გაუფასურდა,“ - წერია ანგარიშში.

S&P Global Ratings-ის მონაცემებით, მარტის დასაწყისიდან დოლართან მიმართებაში ქართული ლარი 20%-ით, ხოლო სომხური დრამი 30%-ით გამყარდა, რამაც ეს ვალუტები განვითარებადი ქვეყნების გაცვლითი კურსის სეგმენტში ლიდერებად აქცია.

S&P Global Ratings-ის ანალიტიკოსების შეფასებით, თებერვლიდან აპრილის შუა პერიოდამდე რუსეთი 150 000-დან 300 000-მდე ადამიანმა დატოვა.

ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის, ანუ რუსული „ფეესბეს“ სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში ქვეყნიდან გასული რუსების რაოდენობამ 5 მილიონი, მესამე კვარტალში კი 9,7 მილიონზე მეტი შეადგინა. ივლის-სექტემბერში რუსები საქართველოში 461 000-ჯერ გაემგზავრნენ, რაც 2018 წლის მესამე კვარტლის 514 000-ის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ