დეკემბრიდან რუსეთში ნავთობის წარმოება დღეში 1.5 მლნ ბარელით შემცირდება

დეკემბერში, ევროკავშირის ემბარგოს ამოქმედების შედეგად, რუსეთში ნავთობის წარმოება, სავარაუდოდ, 14%-ით, 1.5-1.7 მლნ ბარელით შემცირდება ივნისი-ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ამბების რუსულმა სააგენტომ, TASS-მა გაავრცელა.

იმის გათვალისწინებით, რომ წარმოება OPEC-მაც შეამცირა ნოემბრისთვის, მოსალოდნელია, რომ რუსული ნავთობის მოპოვების შემცირება უკუპროპორციულად იმოქმედებს ნავთობის ფასებზე და მათ ზრდას გამოიწვევს.

ოქტომბერში რუსული ნავთობის დღიური წარმოება OPEC-ის კვოტას, 11 მილიონ ბარელს დღეში, 1.1 მილიონი ბარელით ჩამორჩებოდა. დეკემბერში კვოტა 10.5 მილიონ ბარელამდე შემცირდება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 5 დეკემბერს, ემბარგოს ამოქმედების შემდეგ, დღიურად 2 მილიონიდან 3 მილიონ ბარელამდე რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ახალი ბაზრის მოძებნა მოუწევს.

რუსეთმა ნაკადების დიდი ნაწილი უკვე გადართო აზიურ მარშრუტზე, თუმცა, დიდი ალბათობით, მისი მთელი რესურსებისთვის მყიდველების პოვნა გაუჭირდება.

კახი ჩაკვეტაძე