შეკვეთილში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი დასკვნით ფაზაში გადავიდა - რას სთავაზობს „ფიდელიო“ მომხმარებელს

შეკვეთილში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი „ფიდელიო“ დასკვნით ფაზაში გადავიდა. პროექტის მახასიათებლების, უპირატესობებისა და ვადების შესახებ "ტოპლაინ ქონსთრაქშენის" დირექტორმა ვასილ თამაზაშვილმა „ბიზნეს პალიტრის“ ეთერში ისაუბრა.

„პირველი, A კორპუსის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. სავარაუდოდ, იანვრის შუა რიცხვებისთვის მას უკვე დასრულებული სახე ექნება. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე B და C კორპუსების მშენებლობას ერთდროულად დავიწყებთ, რათა პროექტი მალე განხორციელდეს. ამდენად, 14-16 თვის ვადაში კომპლექსი საბოლოო სახეს მიიღებს,“ - განაცხადა კომპანია „ტოპლაინ ქონსთრაქშენის“ დირექტორმა.

ვასილ თამაზაშვილის თქმით, A ბლოკი გაზაფხულიდან გაიხსნება, შესაბამისად, ზაფხულის სეზონისთვის ის სრულად მზად იქნება.

„არსებული აპარტამენტები იდეალურია პირადი მიზნებით გამოსაყენებლად, თუმცა, პირველ ყოვლისა, იგი იდეალურ საინვესტიციო საშუალებას წარმოადგენს, რადგან შეკვეთილი განვითარებადი კურორტია. მოგეხსენებათ, რომ Black Sea Arena-ზე ძალიან ბევრი ცნობილი არტისტის ჩამოყვანა იგეგმება, იწერება მთელი წლის პროგრამა და შესაბამისად, უძრავი ქონების ფასები კიდევ გაიზრდება. როდესაც აპარტამენტის მფლობელი ადგილზე არ იმყოფება, ჩვენი მენეჯმენტი თავად უზრუნველყოფს გაქირავებასთან დაკავშირებულ პროცედურების განხორციელებას, მომხმარებელი კი სტაბილურ შემოსავალს იღებს,“ - განაცხადა ვასილ თამაზაშვილმა.

კომპანიის დირექტორის თქმით, პირველი კორპუსის კარკასის მშენებლობა რუსეთ-უკრაინის ომამდე დასრულდა, რამაც კომპანიას შესაძლებლობა მისცა, შეენარჩუნებინათ ის ფასი, რითაც ბაზარზე შევიდნენ. ხოლო მოგვიანებით, კომპანიის სწორი დაგეგმარების დამსახურებით ფასნამატმა მხოლოდ 10-15% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ „ფიდელიოს“ მშენებლობა მიმდინარეობს ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით და გამოიყენება უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებული სამშენებლო მასალები.

როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, „ფიდელიოს“ დასრულების შემდეგ რეგიონში ახალი პროექტების განხორციელებას გააგრძელებენ: „სამომავლოდ ვაპირებთ რამდენიმე დიდი პროექტის განხორციელებას შავიზღვისპირეთში, საუბარია აჭარისა და გურიის ზოლზე. მოთხოვნა მაღალია, ამიტომ წინ დიდი გეგმები გვაქვს,“ - განაცხადა ვასილ თამაზაშვილმა.

NS

ეკა დარჩიაშვილი